აშშ-ის საელჩო – 11 სექტემბრის კადრებმა ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ

სექტემბერი 11, 15:01
0
41

დღეს იმ თავდასხმების 20 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელმაც ამერიკა სამუდამოდ შეცვალა, – ამის შესახებ ნათქვამია 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საელჩო აქვე ხაზს უსვამს საქართველოს როლს ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მხრივ და აღნიშნავს, რომ ქვეყანამ განსაკუთრებული როლი ითამაშა საევაკუაციო ფრენების მხარდაჭერაში.

„2001 წლის 11 სექტემბრის კადრებმა ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა, ამასთანავე მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ, რათა ტერორისტების საწვრთნელი ბანაკების აღმოფხვრით მსგავსი თავდასხმა აღარასდროს მომხდარიყო.

ჩვენ სამუდამოდ მადლიერნი ვართ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების, რომლებიც ავღანეთში გვერდში დაგვიდგნენ სამხედრო, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მისიებში, კონკრეტულად კი – საქართველოსი, რომელმაც 20,000-ზე მეტი სამხედრო ჩართო ოპერაციებში და განსაკუთრებული როლი ითამაშა საევაკუაციო ფრენების მხარდაჭერაში.

როგორც გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, რათა პატივი მივაგოთ 2,977 უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის ხსოვნას, რომელიც 11 სექტემბრის თავდასხმებს შეეწირა“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Cesko