არქტიკის ზღვის ყინული ორჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ

ივნისი 4, 17:08
0
57

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერების ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ არქტიკის ზღვის ყინული ორჯერ სწრაფად დნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კვლევის შედეგები ჟურნალ The Cyrosphere-ში გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ 2002 წლიდან 2018 წლამდე, არქტიკაში არსებული შვიდი განაპირა ზღვიდან ოთხ მათგანში ყინულის სისქის დნობის სიჩქარე 60%-დან 100%-მდე აღემატებოდა მაჩვენებელს. მეცნიერები ყინულოვანი თოვლის ფენების სისქის შესახებ ახალ – “უფრო რეალურ” – მონაცემებს  ეყრდნობიან, კლიმატის ცვლილების შედეგების გათვალისწინებით.

”ზღვის ყინულის სისქის წინა გაანგარიშებები თოვლის რუკას ემყარებოდა, რომელიც  უკანასკნელად 20 წლის წინ განახლდა. რადგანაც ზღვის ყინული წლის ბოლომდე აგრძელებს ფორმირებას, ზედაპირულ ყინულს აკუმულაციისთვის უფრო ნაკლები დრო აქვს. ჩვენი გათვლებით, პირველად ვითვალისწინებთ ამგვარ კლებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ზღვის ყინული უფრო სწრაფად დნება, ვიდრე გვეგონა”, – თქვა კვლევის ხელმძღვანელმა, რუბი მალეტმა.

მალეტის თქმით, ზღვის ყინული “არქტიკის დაცვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რადგან სქელი ყინული საიზოლაციო საფარის ფუნქციას ასრულებს და ხელს უშლის ზამთარში ოკეანის გადახურებას, ხოლო ზაფხულში მას მზისგან იცავს.“

ზღვის ყინულის სისქე წყლის ზედაპირზე ყინულის სიმაღლის შესაბამისად იზომება. უახლესი დასკვნა მკვლევარებმა ახალი ტექნოლოგიებისა (ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) სატელიტის) და რუკების გამოყენების შემდეგ გააკეთეს. მიღებული შედეგები მეცნიერებს ყინულის სისქის შემცირების საერთო სიჩქარისა და მისი ცვალებადობის ყოველწლიურად დადგენის საშუალებას მისცემს.

ყინულის უკუქცევა გეოპოლიტიკურ დაძაბულობას უწყობს ხელს; სხვადასხვა ქვეყანა პოლარული ჩრდილოეთის აუთვისებელ რესურსებსა და ახალი საზღვაო გზების პოტენციალს აკვირდება.

გასულ თვეში, არქტიკის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა, პირობა დადეს, რომ შეებრძოლებიან კლიმატის ცვლილებას და შეინარჩუნებენ მშვიდობას რეგიონში, რადგან მისი სტრატეგიული მნიშვნელობა იზრდება.

https://www.thecherawchronicle.com/sea-ice-is-melting-twice-as-fast-as-thought/