არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ აიცრნენ – პაატა იმნაძე

ივლისი 20, 16:49
0
191

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინის მთავარი დანიშნულებაა ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ დაიღუპოს.

„ესაა ყველა ვაქცინის დაცვა და ეს ფუნქცია ყველა ვაქცინას თანაბრად აქვს. არის პატარა განსხვავება სიმპტომურ მიმდინარეობაში, სადაც უფრო ეფექტურად მუშაობს ზოგიერთი ვაქცინა. არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც „სინოფარმით “ აიცრნენ“, – აღნიშნა იმნაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. „1,5 მილიონი ვაქცინა დღესაც გვიდევს. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მდებარეობს ჰუალინგში. სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ის ადგილები, რომელიც გამოყოფილია ვაქცინაციისთვის. ესაა ჩვენი უბედურება…ვამბობდით არ არის ვაქცინა, არ არის ვაქცინა… ახლა ვაქცინა ხომ ბევრია. დღეს 12 ათასი ადამიანი აიცრება, ეს ძალიან კარგია. მაგრამ ჯავშნებს რომ ვუყურებ, ხვალ ნახევარია დაჯავშნილი“, – განაცხადა იმნაძემ.