აპირებთ თუ არა კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი?- რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

ივნისი 11, 16:48
0
175

პლენარულ სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა უწყების ხელმძღვანელს მიმართა და განუცხადა, რომ მან მცირე ბიზნესისათვის შეღავათის დაწესებასთან დაკავშირებული კანონი მოჰპარა.

გოცირიძემ ლაშა ხუციშვილს კითხვით მიმართა და დაინტერესდა აპირებს თუ არა მინისტრი შეცდომის გამოსწორებასა და კანონის მოპარვას.

„ბატონო ლაშა მინდა შეგახსენოთ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილი ჩემს ერთ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. მცირე ბიზნესისათვის შეღავათი მინდოდა დამეწესებინა და თქვენ მომწერეთ, რომ ეს საშინლად დაანგრევდა ბიუჯეტს.

ეს ეხებოდა 100 ათასის ნაცვლად 200 ათას ლარამდე მცირე ბიზნესის გათავისუფლებას გადასახადებისაგან. გავიდა 3 თვე, კანონი მომპარეთ, შემოიტანეთ უკან და 200 ათასის ნაცვლად 500 ათასამდე გაათავისუფლეთ ბიზნესი, დაუწესეთ 1%-იანი გადასახადი და ამით რა თქმა უნდა გააკეთეთ კარგი საქმე.

გპირდებით, რომ ბევრ კანონს დავწერ, დავდებ, მოიპარეთ და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ქართველ ხალხს, მაგრამ 1% კი არ არის გადასახადი ამ ადამიანებისათვის, არამედ არის 19%. ჩემი კანონის მეორე ნაწილი დაგავიწყდა, 100 ათას ლარამდე დღგ-სგან თავისუფალი არის ბიზნესი 15 წლის წინ მიღებული კანონით. რამდენი დოლარი იყო 100 ათასი მაშინ? რამდენის ყიდვა შეიძლება დღეს 100 ათასით? ჩამოდნა 100 ათასი.

დღგ რომ ყოფილიყო თუნდაც 200 ათასიც გათავისუფლებული მაშინ, რაღაც კატეგორიის ადამიანებს მართლაც 1%-იანი დაბეგვრა მოუწევდათ ბრუნვიდან. დღეს 100 ათასიდან და 400 ათასამდე 19%-ს იხდის მცირე მეწარმე. აპირებთ თუ არა ამ შემცდომის გამოსწორებას? აპირებთ თუ არა შემოხვიდეთ ინიციატივით ეს ზღვარი ასწიოთ? აპირებთ თუ არა კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი? “, – მიმართა გოცირიძემ ლაშა ხუციშვილს.