”ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის” – წულუკიანის პასუხი რაჭველიშვილს

მარტი 25, 18:59
0
378

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ცნობილი საოპერო მომღერლის მიერ სოციალურ ქსელში მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატუსს პასუხობს.

მისი თქმით, დასანანია, რომ მინისტრის მიმართ უარყოფითი განწყობის გამო ხელოვანი სამშობლოსთვის საკუთარი შემოქმედების გაზიარებაზე უარს ამბობს.

„ანიტა ანიტაა, რასაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არა კულტურის მინისტრი, არამედ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი ვარ, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში,  საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის განცხადებას.

„ანიტა რაჭველიშვილმა და ლაშა ბუღაძემ უნდა ილაპარაკონ ის, რასაც ფიქრობენ. მათი განცხადებები ჩემს ერთ კონკრეტულ ეთერს არ მოჰყოლია. ეს პროცესი იქამდე დაიწყო. ხანდახან ყველას გვიჭირს საქმისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან განსხვავება. ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც გააკეთა მწვავე განცხადება. მისი მაგალითი რომ ავიღოთ, ის არის უზარმაზარი მასშტაბის ხელოვანი, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, ისაა ხელმოცარული. მან თავი ჩემს კოლეგად შემომთავაზა.

თავის რეალურ და ნამდვილ პროფესიაში ის ნამდვილად შეუდარებელია. ასევეა ქალბატონი ანიტაც. ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“.

იმის მერე, „სასჯელს ვიხდი“. ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამ, Instagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც „ციხეში ჩასვა“. ქალბატონ ანიტას, რატომღაც, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს, ეს ჩემთვის პრობლემა არაა.

ისინი ილაპარაკებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა – არა. თუ შენ ამ დონის ხელოვანი ხარ და ქართველებს ეუბნები, რომ ვიღაც მინისტრი არ მომწონს და ჩემს შემოქმედებას არ გაზიარებ, ეს მინიმუმ, დასანანია. მინისტრი დღეს არის და ხვალ არ იქნება. ანიტას, პაატას თუ სხვების შემოქმედება საუკუნეებს დარჩება“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

საოპერო მომღერლის ანიტა რაჭველიშვილის განცხადებით, სანამ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი იქნება, მანამდე საქართველოში სცენაზე დადგომას არ აპირებს.