ალექსანდრე მიშველიძე: Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებითაც “ქართული ოცნება” უპირობო ლიდერია

სექტემბერი 11, 21:22
0
230

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ჩატარდა, გამოკითხულთა 38% უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას, ხოლო 15% – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”,  ამიტომ აღნიშნული გამოკითხვის შედეგებით,  პოლიტიკურმა პარტიებმა, მცდარი მოლოდინები არ უნდა შეიქმნან, – ამბობს ანალიტიკოსი ალექსანდრე მიშველიძე.

“გასულ წელს, Edison Research-ის კვლევის შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებული იყო ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემები, როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიებისთვის. ახლანდელი გამოკითხვის მიხედვითაც, “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა მხოლოდ 33% უჭერს მხარს, რაც რეალობისგან აცდენილია.

გაცილებით სარწმუნოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 48,6% მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, ხოლო 27,1% – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. აღნიშნული შედეგები ახლოს არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამდგარ შედეგებთან”,  – აცხადებს მიშველიძე.

მისივე თქმით, კვლევებმა გვაჩვენეს,  რომ რეალური მესამე ძალა გიორგი გახარიას პარტიაა.

“პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერთა რაოდენობა 6-7%-ის ფარგლებში იქნება და მას შეუძლია ოპოზიციური ველიდან გამქრალი 1-3%-იანი პარტიების ელექტორატზე მუშაობა. კვლევების შედეგებიდან ჩანს, რომ მმართველ პარტიას გიორგი გახარიას დემარშმა მხარდამჭერები ვერ დააკარგვინა”, – დასძენს მიშველიძე.

ალექსანდრე მიშველიძე ეთანხმება “ქართული ოცნების” წევრების შეფასებას Edison Research-ის კვლევასთან  დაკავშირებით, რომლებმაც მას “ფორმულას სიზმრები” უწოდეს.

“კვლევაში კვლავ დაბრუნდა დავით ბაქრაძე და ის ისევ  მაღალი რეიტინგით სარგებლობს, ამიტომ მიჭირს გამოკითხვის ამ შედეგს სერიოზული შეფასება მივცე. წარმოუდგენელია, სრულიად არარეიტინგულ პოლიტიკოსს, რომლის პარტიაც მარტივ მამრავლებად დაიშალა და რომელსაც მისი ყოფილი პარტიის ამჟამინდელი ლიდერი უპირისპირდება, ასეთი მაღალი რეიტინგი ჰქონდეს.

მხოლოდ ეს  შედეგი რომ ავიღოთ ინდიკატორად, ის მთლიანი კვლევის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს”, – აღნიშნავს მიშველიძე.

Cesko