აკუსტიკური იარაღის ტარება იკრძალება

ივნისი 4, 16:10
0
117

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „იარაღის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც იარაღის ბრუნვის შეზღუდვის მიზნით შემუშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც არეგულირებს გაზის (აირის) იარაღის ტარებისა და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და გადატანა-გადაზიდვის წესს.

დასაშვები გახდება გაზის იარაღის ტარება, რადგან იგი თავდაცვის იარაღს წარმოადგენს , თუმცა დაუშვებელი იქნება მისი ღიად ტარება და საჯარო სივრცეში დემონსტრირება.

„ხმოვანი იარაღის გამოყენება დასაშვები ხდება მხოლოდ კონკრეტული მიზნით – თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში. რამდენადაც მას არ გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია, დაუშვებელი იქნება ასეთი იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება”, – განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა ირაკლი ბერაიამ.

კანონპროექტის შესახებ დღესვე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იმსჯელებს.