ახლა საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემს ომს ვაწარმოებ – ჟიგიმანტას პავილიონისი

ივნისი 9, 10:45
0
423

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თავისი ომი აქვს. ამის შესახებ ჟიგიმანტას პავილიონისმა რუს პრანკერებთან, ვოვანთან და ლექსუსთან ილაპარაკა.

ერთ-ერთმა პრანკერმა თავი ალექსეი ნავალნის თანამოაზრედ, ლეონიდ ვოლკოვად გაასაღა.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ვიცე-პრეზიდენტს, კრის უოკერს ვკითხე, თუ რა იქნებოდა „დემოკრატიის“ სამიტის მთავარი თემები. მან მიპასუხა, რომ მთავარი თემა ფული იქნება. ეს არა მხოლოდ რუსეთს ეხება. ეს ყველგან ხდება. ახლა საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემს ომს ვაწარმოებ“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

„დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნების კოლეგებთან გვაქვს საუბარი. ვეძებთ გზებს, თუ როგორ გავაკეთოთ ეს პოლიტიკა… როგორც კუბილიუსი განაზოგადებს, ეს არა პუტინის, არამედ დემოკრატიის შესახებაა. თუ როგორ მოვაბრუნოთ ეს ახალი ენერგია, მათ შორის ბაიდენის ენერგია დემოკრატიულ ან ევროპულ რუსეთზე. არსებული ინსტრუმენტები, რა თქმა უნდა, საცოდაობაა. გუშინ კარა-მურზას ვესაუბრე. ის კვირას მეწვევა. მან კარგი იდეები ჩამიდო თავში, რასაც დღეს კოლეგებთან ერთად განვიხილავ.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ვიცე-პრეზიდენტს, კრის უოკერს ვკითხე, თუ „დემოკრატიის“ სამიტის მთავარი თემები რა იქნებოდა. მან მიპასუხა, რომ მთავარი თემა ფული იქნება. ეს არა მხოლოდ რუსეთს ეხება. ეს ყველგან ხდება. ახლა საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემს ომს ვაწარმოებ. ეს იგივეა. კარა-მურზა მეუბნება, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიაა, მაგრამ როდესაც მას ვკითხე, კონკრეტულად რისი გაკეთება შეიძლება. თუმცა როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობ, უფრო რთულია. ახლა ყველა ფონდი მოსკოვიდან ვილნიუსში ან სხვა ქვეყნებში გადადის, რომლებიც თქვენს დემოკრატებს ეხმარებიან. ეს ნორმალურია. შეიძლება უფრო მეტი სამუშაოა საჭირო.

„რადიო თავისუფლებაც“ ამბობს, რომ პუტინი მათ მოსკოვიდან დევნის. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვაახლოთ ეს მექანიზმები. სტუდენტები? ვიზები? შესაძლოა. თუმცა, რუსებს თუ ვიზებს გაუხსნი, აქეთ „ფსბ“ ჩამოვა. ასე მარტივიც არ არის. ამიტომაც საუკეთესო ინსტრუმენტები უნდა გამოვნახოთ, თუ როგორ ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – ამბობს პრანკერთან საუბარში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.

მისი შეფასებით, არჩევნების შემდეგ ვაშინგტონი ჯერ გონზე არ მოსულა და ვაშინგტონი მხოლოდ ახლა ხდება ვაშინგტონად.

„2008 წლამდე, ბუქარესტის სამიტამდე ვგრძნობდი, რომ ამერიკელები დემოკრატიასა და თავისუფლებაზე მუშაობდნენ, რომ მკაფიო მიზნები ჰქონდათ, თუმცა ობამასა და ტრამპის დროს ეს გაქრა. ერთიც და მეორეც რაღაცას აკეთებდნენ, თუმცა იდეოლოგია არ იყო. ერთგვარი რეალ-პოლიტიკი იყო. ძლიერი ადამიანი. პუტინი ძლიერია, ჩრდილოეთ კორეა ძლიერია, ივანიშვილი ნორმალურია, მოდი ვიმუშაოთ – ეს ჩემს ნერვებზე მოქმედებს. ვფიქრობ, რომ ის გუნდი, რომელიც ახლა ვაშინგტონში მოვიდა, სხვანაირია. უფრო რეიგანის სტილისაა. თუ თქვენ, ამერიკელები ნორმალურები ხართ, მაშინ ნატოს გაფართოება უკრაინასა და საქართველოში, ნორმალური არჩევნები ბელარუსში და მაშინ ის, რასაც შენ რუსეთზე ამბობ, ანუ კრემლის რეჟიმის მარწუხებში მოქცევა. კრემლი უკვე ვაშინგტონშია. ის უკვე კაპიტოლიუმის შტურმს ახორციელებს. ის უკვე ამერიკის პრეზიდენტს ირჩევს. არ ხედავთ ამას? ჩინეთი სხვა ისტორიაა. ეს ხანგრძლივი ისტორია იქნება, ხოლო რუსეთი ხანგრძლივი ისტორია არ იქნება.

კრემლთან ამ ფულის საკითხზე მკაფიოდ უნდა ვიმუშაოთ. რაც შენ ბრძანე, საინტერესო აზრია – თუ როგორ უნდა მივიდეს დახმარება თქვენს ხალხამდე. ბრიუსელში არის ორგანიზაცია European Endowment for Democracy. ამ ორგანიზაციას კარგი ინსტრუმენტები აქვს. რუსეთის შემთხვევაში, ამის უკეთ გამოყენება შეიძლება, რადგან დღემდე ამ ორგანიზაციის ინსტრუმენტები სხვა ქვეყნებისთვის გამოიყენება. ამერიკელებთან შეიძლება მუშაობა ამ საკითხზე. იგივე „ამერიკის ხმა“ ან „რადიო თავისუფლება“, ან არსებობდა ევროპაში რუსული ტელევიზიის შექმნის იდეა, რომელიც რუსულ ენაზე სიმართლეს გაავრცელებდა. ეს ცივი ომის პერიოდის ინსტრუმენტებია, რომელიც ლიეტუვამდე აღწევდა. მამაჩემი უსმენდა ამას და ახლა თავისუფალი ვართ და კარგად ვცხოვრობთ.

როდესაც მათ შევხვდებით, ამ რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზულ სამუშაოზე ვისაუბრებთ, რათა მარწუხებში მოვაქციოთ. ეს უცებ არ გამოვა, თუმცა ნელ-ნელა გამოვა. რაღაცას მოვიგებთ. დემოკრატიულ ევროპულ რუსეთზე სტრატეგია არ გვაქვს. რუსეთს ჩვენთან მუშაობის სტრატეგია აქვს. ამერიკელებს ვკითხავთ. ჩვენ უკვე ვიცით პასუხები ბელარუსის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხებზე, მაგრამ რა ხდება რუსეთზე? ხედვა გაქვთ? თუ პუტინთან ითამაშებთ კიდევ“, – აცხადებს პავილიონისი.

აქ საუბარში ისევ პრანკერი ერთვება და ამბობს: „რასაც ახლა ვხედავ, მათ თავიანთი ძალები ტიხანოვსკაიაზე მიმართეს. არ ვამბობ, რომ ცუდია. ამის წინ მითხრეს, რომ ის „გუჩის“ ბუტიკში შენიშნეს. ადამიანი, რომელიც ბრძოლით უნდა იყოს დაკავებული, თავის თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მისცემს. საქართველოზე სწორად ბრძანე. საქართველო თავის თავს არ ეკუთვნის მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აირჩია. ანუ, სწორ გზაზე დადგნენ. საქართველო ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ეკუთვნის. ამიტომაც ივანიშვილს მანდ ასეთი გავლენა არ უნდა ჰქონდეს, როგორც ახლა აქვს“.

„რა თქმა უნდა, კარგად თქვი ეს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. პრიორიტეტები უნდა დავინახოთ. ჩვენთვის ბელარუსი ეგზისტენციალური საფრთხეა. კონფლიქტი სულ რაღაც 30 კილომეტრში შეიძლება გაჩაღდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. თუმცა, რუსეთი ბელარუსს რომ შევადაროთ, თქვენთან პროტესტი, სულ მცირე, ხუთჯერ ნაკლებია. მარტო მინსკში იმდენი ადამიანი გამოვიდა, რამდენიც მთელ რუსეთში. საჭიროა სტრატეგიულად მოქმედება. ეს წელი ბელარუსის წელია. თქვენც უნდა დაგვეხმაროთ. ის, რომ კარა-მურზა ჩამოდის, კარგი ნიშანია. უნდა გესმოდეთ, თუ ხალხი ბელარუსში გაიმარჯვებს, ეს დიდი შთაგონება იქნება თქვენთვის. ჩვენ ლიეტუველები ფოკუსირებული ვიქნებით ბელარუსზე, უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე.

არსებობს იმედი, რომ ბაიდენთან ერთად ამის გაკეთებას შევძლებთ. რეიგანმა გააკეთა ეს ჩვენთვის. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერიაა, რომ კომუნიზმი უნდა დაეცეს. იქნება თუ არა ბაიდენი ახალი რეიგანი, რომელიც ამას იტყვის? ვფიქრობ, ამის გაკეთება მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც პუტინმა ამერიკაში გააკეთა, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, ამის საფასური უნდა გადაიხადოს. უნდა შევთანხმდეთ ამერიკელებთან, რომ ეს ასეა. თუ ისინი ამას იტყვიან, მაშინ შეგვიძლია ევროპაში ვიმუშაოთ, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ კალაპოტში არიან, პოლონელები ვერ იტანენ რუსულ იმპერიალიზმს. თუ ბერლინში „ქრისტიანულ/მწვანე“ კოალიცია იქნება, ვფიქრობ, მათთან მუშაობა შესაძლებელი იქნება.

მერკელი მიდის. ეს მცირე ტრავმა იქნება, თუმცა თუ „მწვანეები“ მოვლენ, ისინი ავტოკრატებს ვერ იტანენ. თუ ისინი საგარეო უწყებას ჩაიბარებენ, შესანიშნავი იქნება. ასევე საჭირო იქნება ფრანგებთან მუშაობა. თუმცა თუ გერმანია, ჩრდილოეთ ევროპა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ბრიტანეთი, ამერიკა ჩვენთან იქნებიან, საფრანგეთთანაც შვთანხმდებით. არსებობს ამის იმედი. თუმცა ყველაფერი მაინც ვაშინგტონში დაიწყება“, – პასუხობს პავილიონისი.

პრანკერი ინტერესედება აქვს თუ არა კონტაქტები პავილიონისს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან, სენატორ მენენდესთან.

„კარგი კონტაქტები მაქვს კონგრესთან. ვაშინგტონში კონგრესი სიწმინდეა. ადმინისტრაციაზე უფრო მეტია. შემიძლია დაგაკავშირო კუბისა და ლათინურ „მაფიასთან“ (შენიშვნა: იგულისხმება წარმოშობით კუბელი და ლათინო სენატორები). ეს ლობისტური ჯგუფია, რომელიც კონგრესში სიძლიერით მეორეა. მათ შორის მენენდესიცაა. ბალტიისპირეთის ჯგუფი უფრო მცირეა, მაგრამ მანდ ძალიან გავლენიანი ჩიკაგოელი სენატორი დურბინია. ის ობამასთვის ნათლიმამასავითაა. როგორ გააკეთა სააკაშვილმა ეს? როდესაც ობამა ხელისუფლებაში მოვიდა, ობამა სააკაშვილს ვერ იტანდა. მაშინ ქართული დიპლომატია, თემურ იაკობაშვილი, ღმერთო ჩემო, მათ ვაშინგტონი აიღეს. არ არსებობდა ადგილი, სადაც საქართველოს არ განიხილავდნენ. სადღაც 6-12 თვეში ობამას სააკაშვილი შეუყვარდა. ვერ ვიჯერებდი. ეს იყო ქართული ღვინო, ქართული სამზარეულო. ასეთი ლობის შექმნაა საჭირო. დიდ „სინკ ტენკებთანაა“ საჭირო საუბარი, რომლებსაც გავლენა აქვთ. აი კარლ ჰერშმანი, ის უკვე პენსიაზე გადის. აგერ ჩემს სურათზე დგას. ის უკვე მიდის, თუმცა ის რეიგანმა დატოვა. ის ღმერთი და მეფეა. საჭიროა საუბარი მასთან. ვაშინგტონში წასვლაა საჭირო. შემიძლია მენენდესთან შეხვედრა მოგიწყო. სხვებთანაც კონტაქტი საჭიროა. იგივე რიოტგენი, გერმანელი ქრისტიან-დემოკრატი. საუკეთესოა გერმანიაში. ეს დიდი ინსტრუმენტია. გერმანელმა ქრისტიან-დემოკრატებმა ჩვენ შეგვქმნეს, მე შემქმნეს. მე მათი პროდუქტი ვარ. ეს დიდი ძალაა. მწვანე ფონდიც. მოკლედ ჩემს გუნდთან უნდა დაგაკავშირო, რომლებთან მე ბელარუსის, საქართველოს და ა.შ. საკითხებზე ვმუშაობ. თუმცა ეს დიდი სამუშაოა. საჭიროა სტოკჰოლმში წასვლა და საუბარი. 2-3 წელი ვმუშაობდი, რომ მათ ეს ბელარუსისთვის გაეკეთებინათ. ახლა შვედებს თბილისში ფრონტი უჭირავთ, ივანიშვილზე, ისინი ახლა ჩვენი ხმა არიან. კარა-მურზა ყოველთვის მახსენებს, ჟიგის, თუ ამას რუსეთში ვერ გავაკეთებთ, მაინც არაფერი გამოგივა ბელარუსში, უკრაინაში, საქართველოში და ა.შ. ავტოკრატიებთან ნორმალურად ვიბრძვით თუ არა? რას ვშვრებით? ტვინი თუ ძალა არ გვაქვს? კრემლი მათ მუხლებზე დააყენებს? არ ვშვრებით ამას? რატომ“, – ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისი.

პრანკერი პავილიონისს პასუხობს, რომ მთავარია, რომ მათ პრეზიდენტს ესმოდეს.

„არ მიაქციო ყურადღება. ახლა მთავრობა ჩვენ ვართ. ინგრიდა, ჩემი პრემიერი, ჩემნაირად ფიქრობს. საგარეო საქმეთა მინისტრი ჩემნაირად ფიქრობს. ჩვენ ყველაზე დიდი პარტია ვართ. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. პრეზიდენტი სიმბოლურია. იგი ამის წინააღმდეგ არ გამოვა. შეიძლება რამე ისე არ თქვას, მაგრამ ყურადღება არ მიაქციო“, – აცხადებს პრანკერთან საუბარში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.