„აიისამ“ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

ივლისი 22, 15:03
0
109

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა – აღნიშნულ ინფორმაციას GDI ავრცელებს.

დავა შეეხებოდა საქართველოში „აიისასთვის“ დაკისრებულ ჯარიმებს და საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე არსებული წარწერები და გამოსახულებები არღვევდა კანონს რეკლამის შესახებ და იყო არაეთიკური იმის გათვალისწინებით, შეურაცხყოფდა რელიგიას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა, რომლითაც მათ შეუზღუდეს განმცხადებელს გამოხატვის თავისუფლება, არ იყო არც რელევანტური და არც საკმარისი რათა გამართლებულიყო ჩარევა კონვენციის მე-10 მუხლში.

„სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავს მოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.“

ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი“- აღნიშნავს სასამართლო.

ინფორმაციისათვის, ანი გაჩეჩილაძის ინტერესებს სასამართლოში GDI იცავდა. საქმეზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation -ს მხარდაჭერით.
სასამართლოს მოტივაციის უფრო ვრცელ ვერსიას სულ მალე შემოგთავაზებთ.

2018 წელს „აიისას“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რომელიც მიიჩნევდა, რომ კომპანიის პროდუქციაზე დატანილი კონკრეტულად რამდენიმე გამოსახულება, რომელთა შორის იყო თამარ მეფე სხვადასხვა წარწერებით არაეთიკური იყო.

ამავე წელს, საქალაქო სასამართლომ კომპანია 500 ლარით დააჯარიმა. მოგვიანებით, აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ხოლო მოსამართლემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.