„აი, თქვენ კი შეგჭამათ ბიძინამ! ენა ჩაიგდეთ მაინც!“ – ნათია ჭკუასელი დავით ზურაბიშვილს

ივლისი 19, 19:28
0
214
პარლამენტში გუშინ  განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი და ჟურნალისტი ნათია ჭკუასელი. დაპირისპირება დავით ზურაბიშვილის სტუსს მოჰყვა.
„ძალიან არ მომეწონა მე პირადად წიოკი და გაწევ-გამოწევა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ვფიქრობ, ამგვარი კონფლიქტები ხელისუფლებით უკმაყოფილებას კი არ ამრავლებს, არამედ საპროტესტო მუხტს უფრო აზიანებს, მაგრამ ის, რაც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა იკადრა, როცა მანდატურის და ორკის ფუნქციები წარმატებით შეითავსა და ტრიბუნიდან ძალისძალად ჩამოათრია ქალი კოლეგა, კი იმსახურებს ოცნების ამ ახალი სახის გაპანღურებას პარლამენტიდან. მას არანაირი მორალური უფლება არა აქვს თუნდაც ამ პარლამენტის დეპუტატი იყოს,“- წერდა ანალიტიკოსი.
„რწყევა! რწყევა სტატუსი და ზოგიერთი კომენტარი კონსტრუქციულობაზე და  დახვეწილობაზე. აი, თქვენ კი შეგჭამათ ბიძინამ! ენა ჩაიგდეთ მაინც, ყველა ასეთს რამხელა წვლილი გაქვთ ამ ბოროტების მოთრევაში და ახლა აქ მორალისტობთ! ფუ,“- ასე უპასუხა ზურაბიშვილის სტატუსს ნათია ჭკუასელმა.

ნათია ჭკუასელს მხარი რამდენიმე მეგობარმა დაუჭირა და ზურაბიშვილს ბრალი „ქალთმოძულეობაშიც“ კი დასდეს.

მოგვიანებით ნათია ჭკუასელსა და მის მხარდამჭერებს თავად ანალიტიკოსი გამოეხმაურა. დავით ზურაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების პრობლემაზე, კონკრეტულად “განსხვავებული პოზიციის მიუღებლობაზე” გაამახვილა ყურადღება.

„შენ თუ გგონია მიშას მმართველობა მე ამაზე ნაკლებ ბოროტებად მიმაჩნია, ძალიან ცდები. იოტისოდენადაც არ ვნანობ ჩემს პოზიციას 2012-ში და ასჯერ რომ დამაბრუნო იქ, ასჯერვე მოვიქცევი ისევ ისე. და რა ვიცი, ეს პოზიცია მაქვს სულ და იმ ილუზიას თუ ეთამაშება ვინმე რომ მე ოდესმე ამ პოზიციას შევიცვლი, ძალიან ცდება. მე არც იმ ხალხის მიმართ მაქვს პრობლემა ვისაც ჩემგან განსხვავებული ხედვა აქვს ამ საკითხში. აგერ შენ რამდენიც არ უნდა გამლანძღო, მაინც მეყვარები  ხოლო თქვენი ანუ ნაცების პრობლემა კი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ განსხვავებული პოზიციის ლეგიტიმურობის აღიარება. თქვენთვის მხოლოდ ერთადერთი პოზიციაა ლეგიტიმური,“ – წერს დავით ზურაბიშვილი.