10 კაცი მოგვივარდა რკინის ჯოხებით, ამის ცოლიც მოვკლათო, ბავშვით ხელში გავიქეცი – მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

ივლისი 21, 14:09
0
75

მარნეულში, ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში, ასევე სიდედრისა და ცოლის ძმის დაჭრაში ბრალდებული კაცის დედა ჰყვება, რომ გარდაცვლილი ქალის ნათესავები ხელკეტებით მიუვრადნენ, ეზოში მანქანები დალეწეს, მის ქმარს კი სცემეს.

მისივე ინფორმაციით, ბრალდებულის მამა ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.

“ჩემი ვაჟი მათ ქალიშვილს დაშორდა, იმის მერე კონფლიქტი არ ჰქონიათ, გუშინ რა მოხდა არ ვიცი. ღამე ჩემი ვაჟი რომ იქ მივიდა და ეს უბედურება მოხდა გოგოს ოჯახის მხრიდან 10-მდე კაცი, რკინისა და ჯოხის ხელკეტებით შეიარაღებული ჩვენ სახლს თავს დაესხნენ, ეზოში ორი მანქანა დაგვილეწეს, მერე ჩემი ქმარი გარეთ რომ გამოვიდა მას დაესხნენ, თავში ბლაგვი საგნები ურტყეს, თვალი დაუზიანდა, უგონო მდგომარეობაში რომ დაინახეს მერე თქვეს, მოდი ამის ცოლიც მოვკლათო და მე უკანა ეზოში ბავშვით ხელში გავიქეცი, ჩემი ქმარი საავადმყოფოში იმყოფება, ახლაც მძიმედაა.

ჩემს ვაჟს სამი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა ობლად, დედა მოუკლეს, მამა კი ციხეში წავა… ჩვენც გავნადგურდით”,-ამბობს დაკავებულის დედა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მოკლულ ცოლს საკუთარი სახლის ეზოში მანქანით გადაურა. მან ასევე მოკლა სიმამრი, ხოლო სიდედრი და ცოლის ძმა მძიმედ დაჭრა.

დაჭრილი ს.ა. და ა.პ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.