მამუკა წოწერია: ზუგდიდს სჭირდება მეტი განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც დღეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია

ივლისი 30, 20:06
0
64

ზუგდიდს სჭირდება მეტი განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც დღევანდელი რეალობით მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა.

„დღეს უკვე ოფიციალურად, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად დამასახელა. ეს არის ჩემთვის უდიდესი პატივი, ნდობა და შესაძლებლობა, მაქსიმალურად დავიხარჯო. თქვენთან, ჩემს ზუგდიდელებთან ერთად გავიმარჯვო და ერთად ვაკეთოთ მეტი ამ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის, მეტი ინვესტიციის მოზიდვისა და განხორციელებისთვის, კიდევ უფრო მეტი ტურისტის მასპინძლობისთვის.

ზუგდიდი არის გვერდში დგომის, მეგობრობის და სიყვარულის კრებითი სახელი, მთელი ჩემი ცხოვრება აქ გავატარე, მქონდა არაერთი შესაძლებლობა სხვაგან წავსულიყავი, თუმცა ის სიყვარული რაც აქ არის – მხოლოდ ზუგდიდს შეუძლია. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლოა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის, მადლობა ზუგდიდელებს იმ სიყვარულისთვის და თანადგომისთვის, რასაც თქვენგან ამ გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ ვიღებ. მაქვს თქვენი იმედი და დარწმუნებული ვარ, ერთობით გავიმარჯვებთ. ზუგდიდს სჭირდება მეტი განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც დღევანდელი რეალობით მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.

მისივე თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა, განხორციელდა ისტორიული მნიშვნელობის პროექტები: ზუგდიდის წყლის, წყალარინების, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნდა ძველი დიდება და ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა, ფონდი „ქართუს“ დახმარებით შენდება თეატრი, ყოფილი პრეზიდენტის სასახლე გადაეცა ახალგაზრდებს და იქ მოეწყო ტექნოპარკი, აშენდა სკოლები, ბაღები, ამბულატორიები, რუხში გაიხსნა რეგიონში ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც დღეს კოვიდთან ბრძოლის უმთავრესი ცენტრია, ზუგდიდშივე გაიხსნა C ჰეპატიტის მართვის ცენტრი, მოგვარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, ჩვენს დევნილ მოქალაქეებს გადაეცა და შენდება ბინები.

„მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს ვუშენებთ ახალ სახლებს და უკვე ასეთი 120-მდე სახლი გადავეცით. დავაგეთ გზები ქალაქში , ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა კეთილმოწყობილია, მოვახდინეთ სოფლების გაზიფიცირება, რჩება მხოლოდ 4 სოფელი, რომელსაც მომავალ წელს დავასრულებთ. ჩვენთვის უმთავრესი მოქალაქეა, ამიტომაც ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია, ვისაუბროთ მხოლოდ ციფრებით – სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით გავზარდეთ 543%-ით, თუ 2012 წელს ეს ბიუჯეტი 646 ათასი იყო, დღეს 3,5 მილიონი ლარია, რაც მაშინდელ მონაცემებზე 2,8 მილიონი ლარით მეტია.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რაც ამ მუნიციპალიტეტში განვახორციელეთ, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს უამრავი გამოწვევა, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებით უნდა მოვაგვაროთ. ამ პრობლემების შესახებ უშუალოდ მოსახლეობისგან ვიცით და გეგმის მიხედვით მოვახდენთ სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციას, სოფლებში წყალმომარაგების პრობლემების გადაჭრას, დარჩენილი სკოლების და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობას. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ანაკლიის პორტი, ჩვენი მუნიციპალიტეტის და რეგიონის განვითარების უმთავრესი პროექტი, რომელიც ინვესტორის უპასუხისმგებლობის გამო დროში გაგვეწელა, თუმცა ეს პროცესი ცენტრალური ხელისუფლების უშუალო ჩართულობით მალე გადაწყდება.

ჩვენ მხოლოდ ერთად შევძლებთ ამ მუნიციპალიტეტის სტაბილურ განვითარებას, ადამიანებს ვისაც შურისძიებისთვის, არევისთვის, ძველი გავლენების დაბრუნებისთვის, უსაზღვრო განუკითხაობისთვის სურთ დაბრუნება მათი ადგილი ზუგდიდში არ არის და მარცხისთვის არიან განწირულები. თქვენი თანადგომით ამჯერადაც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით უკეთეს ზუგდიდს!“ – აღნიშნულია მამუკა წოწერიას განცხადებაში.

Cesko