კოვიდ 19 და ევროპა

თებერვალი 15, 23:17
0
556

ამ მომენტისათვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დროულ და თანაბარ განაწილებაზე ევროკავშირში დიდი განხეთქილებაა. წევრი ქვეყნები აკრიტიკებენ ევროკომისიას, ევროპის აღმასრულებელ ორგანოს იმის გამო, რომ მეტი ყურადღება არ დაეთმო ვაქცინების წარმოებასა და განაწილებასაც და არა მხოლოდ, მის შემუშავებას.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ამ მომენტამდე გერმანიაში დამზადებული Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა არა მწარმოებელ ქვეყანაში, არამედ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უფრო მეტად განაწილდა.

სულ, ჯერჯერობით, დამზადებულია 150 მილიონზე მეტი ვაქცინა. თუმცა, მათ გლობალურ შესყიდვებზე გლობალური სტრატეგია არ არსებობს და მყიდველებში მდიდარი ქვეყნები ლიდერობენ. ევროკავშირის სტრატეგია კი, მიღებულია, მაგრამ ტექნიკურ-ბიუროკრატიული ხარვეზების გამო, თანასწორი და დროული მიწოდება. ჯერჯერობით. ყოვნდება.

Our World in Data-ს იანვრის ბოლოს მონაცემებით, ევროკომისიამ ექვს კომპანიასთან 2 მილიარდი ვაქცინის შესყიდვის კონტრაქტები გააფორმა. თუმცა, აცრების რაოდენობით, ევროპელებს წინ უსწრებენ შეერთებული შტატები, ისრაელი, ინდოეთი და აწ უკვე ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა დიდი ბრიტანეთი. შედარებისათვის, გაერთიაანებულმა სამეფომ ყოველ 100 ადამიანზე 11 დოზა შეისყიდა, აშშ-მ – 7.9. ხოლო გერმანიას ყოველ ას მოსახლეზე შეხვდა 2.8, იტალიას – 2.8, საფრანგეთს კი – 1.8.

ევროკავშირში COVID-19-ზე აცრების დაგვიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ახალი ვაქცინების დამტკიცების ვადები. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/BioNTech გასული წლის 2 დეკემბერს დაამტკიცა, რითაც დასავლეთის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ახალ ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ერთი კვირის შემდეგ. მის გზას მიყვა აშშ. ხოლო European Medicines სააგენტომ ამ პროცესის დასრულება მხოლოდ 21 დეკემბერს მოახერხა. დაგვიანების მიზეზი კი ისაა, რომ დროში გაიწელა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნიდან ადგილობრივი ჯანდაცვის სტრუქტურებიდან თანხმობის მიღება. ევროკავშირის რეგულაციებით, წამლის ევროპელ მწარმოებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ვაქცინამ გამოიწვია ნეგატიური შედეგები ან, არ აღმოჩნდა ეფექტური. აღსანიშნავია, რომ ისრაელმა MODERNA-სთან კონტრაქტი ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში გააფორმა, ხოლო Pfizer/BioNTech-თან – ნოემბერში. ამერიკის შეერთებული შტატებიც იყო დამტკიცება-დაკონტრაქტებაში ერთ-ერთი პირველი. ამ ქვეყანამ ჯერ კიდევ აგვისტოში შეუკვეთა 100 მილიონი დოზა MODERNA-ს.

ზოგიერთ დასავლელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა დააგვიანა და იმ ვაქცინების საკმარისი დოზები არ შეუკვეთა, რომლებიც თვეების წინათ უკვე ლიდერობდნენ გლობალურ ბაზარზე. ამასთან, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტლანქი ბიუროკრატიული სისტემის გამო, ევროკავშირის შესყიდვების პოლიტიკა საკმაოდ ჩამორჩენილია ოპერატიულ ვითარებას.

გლობალური პანდემიის გაზაფხულის პირველივე თვეებში მსოფლიოს საზოგადოებამ ცხადად იხილა, თუ როგორი გააფთრებული წართმევით იყვნენ დაკავებულნი ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაშინ, დეფიციტში არსებული პირბადეებისა და სასუნთქი აპარატების გამო.

კორონავირუსის დასრულების შემდეგ, არაერთი წონადი პოლიტიკოსი თუ საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი პროგნოზირებს კარდინალურ ცვლილებებს, როგორც ევროკავშირში და ნატო-ში, ასევე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვა მსხვილ საერთაშორისო აქტორებში. პრინციპი – ერი ყველასათვის და ყველა ერთისათვის მორყეულია ევროპულ ოჯახში, ეს COVID-19-მა გვაჩვენა და სერიოზული რეფორმების გარეშე, ევროატლანტიკური სტრუქტურები მომავალ გლობალურ გამოწვევებს სწრაფად ვეღარ გაუმკლავდებიან.

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი

Cesko