ბოლნისში ქვაფენილის დაგება აქტიურად მიმდინარეობს

ივლისი 19, 13:59
0
44

ადგილობრივი ბაზალტით გზების მოკირწყვლა ქალაქ ბოლნისში აქტიურად გრძელდება. იაკობ ცურტაველის, მერაბ კოსტავასა და თამარ მეფის ქუჩების მონაკვეთებზე ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ქუჩებზე მოსახლეობის ჭიშკრები გამოიცვალა და ღობეები რეაბილიტირდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 832 885 ლარს შეადგენს.

იაკობ ცურტაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელს განხორციელდა. ქალაქ ბოლნისში, წელს ქვაფენილი ფარნავაზ მეფისა და შოთა რუსთაველის ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებზეც დაიგო. 

„ადგილობრივი ბაზალტით გზების მოპირკეთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.  სწორედ ამიტომ, ბოლო წლებია ჩვენ ქალაქ ბოლნისში ქვაფენილებს ბაზალტით ვაგებთ. ამ ეტაპზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები მერაბ კოსტავას, იაკობ ცურატველისა და თამარ მეფის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს, რაც ჩვენს ქუჩებს კომფორტულსა და ვიზუალურად ლამაზს ხდის. ქალაქის მასშტაბით, ბაზალტით ქუჩების მოკირწყვლა კვლავ აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.