ისრაელში დღეს ეროვნული გლოვის დღეა

0
70

ისრაელში, მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს ეროვნული გლოვის დღეა, – ამის შესახებ Reuters- წერს.

ამავე სააგენტოს ცნობით, რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტისას დაღუპულებს შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აშშ-ის არაერთი მოქალაქეა დაშავებულთა შორისაც“, – აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

ერთ-ერთი დაღუპულის, 13 წლის ბიჭის მამა იხსენებს, რომ ჭყლეტის დროს მთელი სხეული დაბუჟებული ჰქონდა და მხედველობა დაებინდა.

„ჩემი შვილი ყვიროდა: „მამა მე მოვკვდები“, – იხსენებს კაცი, რომელიც საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ, შვილის დაკრძალვაზე დასასწრებად გაწერეს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, დაღუპული 45 ადამიანიდან 42-ის ამოცნობა მოხერხდა.

ტრაგედია მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.