27/09/2024
00:07
მსოფლიო
2024 წლის ზაფხულში, წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა თომას მასიმ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის ყოველწლიურ აქტში შესწორება შეიტანა, რომელიც „უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის მსხვერპლის რაოდენობისა და ტექნიკური დანაკარგების შესახებ ანგარიშს ეხება.“ მისი შესწორება წარმომადგენლობითმა პალატამ საკუთარ ვერსიაში შეიტანა და შეჯერებული ვარიანტი შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ცალ-ცალკე უნდა დაამტკიცონ.
RESPONSIBLE STATECRAFT: რა იყო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის წლევანდელ აქტში მსგავსი შესწორების შეტანის მოტივი?
თომას მასი: კონფიდენციალურ ბრიფინგზე შეკითხვა დავსვი, თუ რა რაოდენობის მსხვერპლი იყო უკრაინის მხარეს. ბრიფინგზე მყოფმა დაზვერვის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს ჩემს შეკითხვას, სამაგიეროდ, დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა აღნიშნეს. ეს ბრიფინგი კონგრესისთვის გასაიდუმლოებულ გარემოში ჩატარდა და, წარმოუდგენელია, მაგრამ მათი განცხადება ტყუილს ჰგავს. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც პალატის სპიკერის კაბინეტში ვიმყოფებოდი, ვკითხე მას, იცოდა თუ არა უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა? სპიკერმა კვლავ რუს მსხვერპლზე საუბარი დაიწყო. ისევ გავუმეორე: იცი, რამდენია უკრაინული მხარის მსხვერპლი? მან თქვა: არა. ჩვენი დიალოგი ასე გაგრძელდა: „-ოდესმე გითქვამს?“ „- არა“. „- ოდესმე გაგირკვევია?“ „- უნდა გავარკვიო!“ ჩანს, რომ სპიკერი არც კი იცნობს ამ სტატისტიკას. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურ ინტელექტს რომ ჰკითხოთ, რამდენია უკრაინელების მსხვერპლი, ისიც კი ვერ გეტყვით. ხელოვნურმა ინტელექტმა სრულიად განსხვავებული რიცხვები დაასახელა, რადგან ის გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა და, პრაქტიკულად არაფერია სანდო, რაც გამოქვეყნდა.
RESPONSIBLE STATECRAFT: ჩემი აზრით, აღნიშნული შესწორება ნამდვილად კარგი საშუალებაა ამ საკითხის გამჭვირვალობისთვის. ვინ შეიძლება წინააღმდეგი იყოს, რომ მსხვერპლის ძირითადი რაოდენობა ცნობილი გახდეს?
თომას მასი: ჩემი შესწორება უორენ დევიდსონის (FY2024) შესწორებას მოიცავს, რომელიც შემიძლია გაგაცნოთ. მასში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული სტრატეგია და მიზნები. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოდით იმისთვის, რომ ამ ვარიანტს ხმა მიეღო და ეს ვერ მოხერხდა. უბრალოდ, გაოცებული ვარ, რომ კონგრესმა შეიძლება უარი თქვას; ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმე სპეციფიკური მიზნები გვქონდეს უკრაინაში, ჩვენ უბრალოდ ფინანსურად დავეხმარებით ქვეყანას.
RESPONSIBLE STATECRAFT: ისევ გკითხავთ - როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასეთი რთული მსხვერპლისა და ტექნიკური დანაკარგების შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მოპოვება?
თომას მასი: ამგვარ გასაიდუმლოებულ ბრიფინგებზე მხოლოდ პროპაგანდას ვკვებავთ. როდესაც ზემოთ აღნიშნული შეკითხვა დავსვი, თუ კონგრესის სხვა წევრებიც ვერ მიხვდნენ, რომ სტატისტიკური მონაცემები გაუმჭვირვალეა, მაშინ სირცხვილი მათ. მინდოდა, კონგრესის სხვა წევრებისთვის მეჩვენებინა, რომ ისინი უკრაინაში მხოლოდ ფულისა და იარაღის გაგზავნისკენ მიგვითითებენ. ამ პროპაგანდას სახელმწიფო დეპარტამენტი და, შემდეგ, კონგრესი ხელმძღვანელობს. სახელმწიფო დეპარტამენტი თვლის, რომ ომი სახელმწიფოს მართვის უნარის, დიპლომატიის იარაღია და, რომ მან უნდა გამოიყენოს ომი დიპლომატიისთვის და არ სურს, რომ კონგრესმა ამაში ხელი შეუშალოს. სახელმწიფო დეპარტამენტში ეშინიათ, რომ კონგრესმა შესაძლოა აღარ გააგრძელოს დაფინანსება ან დააჩქაროს მისი შეწყვეტა.
RESPONSIBLE STATECRAFT: შესაძლოა, ზოგიერთი თქვენი კოლეგა ამტკიცებს, რომ მიზეზი, რის გამოც ამ საკითხს განიხილავთ, საომარი ძალისხმევის დაკნინება და უკრაინის მეტი დახმარებით უზრუნველყოფის თავიდან აცილებაა.
თომას მასი: რა თქმა უნდა, მე არ მსურს მეტი დახმარების გაგზავნა უკრაინაში. მაგრამ თუ უკრაინის მუდმივი დაფინანსება სირაქლემის პოზიციაში ყოფნას მოითხოვს, მაშინ ვფიქრობ, რომ უნდა შევწყვიტოთ მისი დახმარება. ალბათ, ისინი წუხან, რომ მსხვერპლის რიცხვის გასაჯაროებამ შეიძლება ომის დაფინანსების „მადა“ შეამციროს.
RESPONSIBLE STATECRAFT: აქტში შეტანილი შესწორებები მოიცავს თუ არა რაიმე სხვა ინფორმაციას, რომელიც გსურთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს?
თომას მასი: იმედი მაქვს, რომ ეს შესწორება კანონის სახეს მიიღებს და ისინი დაიცავენ მას. ჩვენ დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უნდა ვიცოდეთ და მაშინაც კი, თუ მათ არ შეუძლიათ მათი გასაჯაროება, კონგრესს მაინც უნდა აცნობონ. საბოლოო ჯამში, სწორედ ჩვენ გვევალება, რომ თვალყური ვადევნოთ საომარ ვითარებას და გადავწყვიტოთ, საერთოდ, [უკრაინაში] გაგზავნის შემთხვევაში, რა რაოდენობის თანხა უნდა გამოვყოთ.
0
0