29/11/2024
20:37
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს და გმობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ვითარებაში, როდესაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეებს დაშინებისგან და წნეხისგან თავისუფალ გარემოში ხმის დაფიქსირება არ შეეძლოთ.
PACE მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშს 2025 წლის იანვარში განიხილავს.
"საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, სადაც მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტა გამოაცხადა, მათი საარჩევნო დაპირების საწინააღმდეგოდ. ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებისთვისაა აუცილებელი.
ასამბლეა გმობს ძალადობრივ რეპრესიებს მშვიდობიან დემონსტრაციებზე, რომლებიც თბილისში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გაიმართა, ეს არის ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლების დარღვევა.
ასამბლეა ასევე გამოხატავს შეშფოთებას იმ ფაქტზე, რომ დემონსტრანტების უმრავლესობა დაიჭირეს და გაასამართლეს საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციული კოდექსის სადავო მუხლების თანახმად. გახსენებთ, რომ ასამბლეამ ბევრჯერ მოითხოვა, შეიცვალოს აღნიშნული კანონმდებლობა ახლით, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან იქნება თანხვედრაში.
მოვლენების შემაშფოთებელი განვითარება განსაკუთრებით საგანგაშოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, რომლებიც გაიმართა ისეთ გარემოში, სადაც მოქალაქეებისთვის არ იყო შექმნილი შესაბამისი პირობები, მიეღოთ ინფორმირებული არჩევანი, დაშინებისგან და წნეხისგან თავისუფლად, როგორც ამას ასამბლეის სადამკვირვებლო მისიები აღნიშნავენ.
საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და სრულად შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრებს ეკისრებათ.
ასამბლეა მზად არის, გააგრძელოს მუშაობა, ახლო თანამშრომლობა ჰქონდეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მინისტრთა კომიტეტთან, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდებთან. ასამბლეა დააკვირდება მომხსენებლების სამომავლო ვიზიტს საქართველოში, რაც კრიტიკულ როლს შეასრულებს დიალოგის გასაგრძელებლად.
ასამბლეა განიხილავს საარჩევნო ანგარიშს 2025 წლის იანვარში."
bm.ge
0
0