03/04/2024
08:45
სამართალი
ბათუმში, ერთ დღეში, ქურდობისა და ძარცვის სამი ფაქტი დაფიქსირდა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს და წერს, რომ მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
რაც შეეხება ფაქტებს, გამოცემის ცნობით, პირველი შემთხვევა ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარედ მოხდა, რა დროსაც, როგორც მათ მოქალაქემ უთხრა, ორმა ბიჭმა ახალგაზრდა გოგოს ჩანთა გასტაცა. მძარცველების დაკავება გამვლელებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ - "ხალხმა დაიწყო ყვირილი, ავედევნეთ თუმცა ვერ დავაკავეთ. ძალიან გახშირდა ქურდობის ფაქტები, განსაკუთრებით ძველი ბათუმის ტერიტორიაზე."
მეორე ფაქტი კი, როგორც გამოცემა წერს, კომპლექს "მაგნოლიაში" დაფიქსირდა, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ველოსიპედი და მასზე დასამაგრებელი ბავშვის სავარძელი მოიპარეს. დაზარალებულის თქმით, ველოსიპედი სადარბაზოში ჰყავდა გაჩერებული, თუმცა სპეციალური სამაგრით იყო დაკეტილი.
ქურდობის მესამე ფაქტი მამია ვარშანიძის ქუჩაზე მოხდა. ამ შემთხვევაში მძარცველებმა ავტომობილი გატეხეს, საიდანაც ზურგჩანთა, პირადი ნივთები და უცხო ქვეყნის მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოიპარეს - "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთები და დოკუმენტაცია დაიკარგა, დაბრუნების შემთხვევაში, მზად ვარ თანხით დავასაჩუქრო მძარცველი."
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცემას განუცხადეს, რომ ფაქტებზე გამოძიება სსკ 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
0
0