26/09/2024
16:09
მსოფლიო
ევროპული სადაზვერვო სააგენტოს ორი წყაროსა და Reuters-ის მიერ განხილული დოკუმენტების თანახმად, რუსეთმა ჩინეთში იარაღის წარმოების პროგრამა შეიმუშავა და უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად შორ მანძილზე მოქმედ დრონებს აწარმოებს. რუსული სახელმწიფო შეიარაღების კომპანიის Almaz-Antey-ის შვილობილმა კომპანია IEMZ Kupol-მა, ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებით, ჩინეთის ქარხანაში დრონის ახალი მოდელი Garpiya-3 (G3) დააპროექტა და გამოსცადა. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, Kupol-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განუცხადა, რომ შესაძლებელია უკრაინაში მიმდინარე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" ამ სამხედრო აღჭურვილობის გამოყენება.
Kupol-მა, Almaz-Antey-მ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Reuters-ს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების მოთხოვნაზე არ უპასუხეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა, რომ მსგავსი პროექტის შესახებ ინფორმირებული არ არის და დასძინა, რომ პეკინი მკაცრი კონტროლის ზომებს ამოქმედებს დრონების ექსპორტზე.
„საჭიროა მეტი ინფორმაცია იმის დასადგენად, რომ ჩინეთი ხელს უწყობს რუსული სამხედრო დრონების წარმოებას. თეთრ სახლს არაფერი უნახავს იმის დასამტკიცებლად, რომ ჩინეთის მთავრობამ სამხედრო-ფინანსური გარიგებების შესახებ ყველაფერი იცის, თუმცა ჩინეთს ეკისრება პასუხისმგებლობა, გააკონტროლოს კომპანიები, რომ არ გაუწიონ რუსეთს ლეტალური დახმარება,“ - განუცხადა Reuters-ს ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის ექსპერტმა სამუელ ბენდეტმა.
დოკუმენტებში იდენტიფიცირებული არ არიან ჩინელი დრონის მწარმოებლები, რომლებიც პროექტში მონაწილეობდნენ. Reuters-მა მათი ვინაობის დადგენა ვერ შეძლო.
0
0