29/11/2024
14:31
პოლიტიკა
ქვეყანა, მათ შორის ხელისუფლება გამუდმებული შანტაჟის ქვეშ არის, ამას კავშირი აქვს კონკრეტულ ინტერესებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, „ყველა შემთხვევაში გაგრძელდება არასწორი, ღირსების შემლახველი მიდგომა, რასაც კონკრეტული ბიუროკრატები და კონკრეტული პოლიტიკოსები ევროკავშირში ავლენენ“.
„რეალურად, ყველა ვხედავთ, თუ რა ვითარებაა დღეს გარშემო. ჯერ კიდევ გრძელდება ის პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში დაიწყო. მაშინ ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა იყო, რასაც გამუდმებული სირთულეები, პრობლემები, ქვეყნის წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟი მოჰყვა, რაც დღემდე არ გაჩერებულა. ეს პროცესები მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული გრძელდება. ქვეყანა, მათ შორის ხელისუფლება გამუდმებული შანტაჟის ქვეშ არის, ამას კავშირი აქვს კონკრეტულ ინტერესებთან. დღემდე ეს შანტაჟი არ შეწყვეტილა და ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში ეს შანტაჟი შეწყდება. ჩვენ ველოდებით უკრაინაში ომის დასრულებას, დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში ომი არ დასრულდება, აქედან გამომდინარე, ვერ გვექნება ოპტიმისტური მოლოდინი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ომის დასრულებამდე, ყველა შემთხვევაში გაგრძელდება ეს არასწორი, ღირსების შემლახველი მიდგომა, რასაც კონკრეტული ბიუროკრატები და კონკრეტული პოლიტიკოსები ევროკავშირში ავლენენ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ ვართ ჩვენი ევროპული კურსის ერთგული და ეს ძალიან ხმამაღლა ითქვა გუშინ, ძალიან ხმამაღლა ვიმეორებ ამას დღესაც“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0