29/11/2024
14:03
საზოგადოება
ქუთაისში დედების და შვილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები შვილებთან ერთად მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
„ბავშვებს რუსეთში ვერ დავიცავთ, ახლა გაჩერების დრო არ არის“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, ქვეყნის არჩევანია ევროპა და არა რუსეთი, ამიტომ აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.
„დედები და შვილები მოვედით, შვილების დასაცავად. ახლა გაჩერების დრო არ არის, ქვეყნის არჩევანია ევროპა და არა რუსეთი. არ მინდა, ჩემმა შვილმა დილით მითხრას „დობრი უტრა“, ან „საბაკა“, უნდა მითხრას ქართულად და ეს ქვეყანა არის საქართველო, ამიტომ მოვედით, რომ დავიცვათ ჩვენი შვილების ბედი“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვით მოედანზე გადაინაცვლეს და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდეს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
როგორც კობახიძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ „ეს საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად“.
კობახიძის თქმით, მოლაპარაკეების გახსნა დღეს ისევე გამოიყენება დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გახლეჩისთვის, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი.
0
0