04/04/2024
14:56
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის - სს „სილქნეტის“ კუთვნილ ვებპლატფორმაზე უნებართვო შეღწევის გზით, კომპანიის მომხმარებელთა მიერ სიმბარათის შეძენის, ცვლილების ან პორტირებისას საკუთარი პიროვნების ვერიფიცირების მიზნით გამოყენებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონულ ასლებზე უკანონო წვდომა განახორციელა, რის შემდეგაც არალეგალური გზით მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას ცდილობდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
0
0