28/03/2024
12:59
სამართალი
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდების მხარეს გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ გააჩნია, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კადრებში, რომელიც პოლიციის მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, ჩანს ლაზარე გრიგორიადისი.
“დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. საქმის არსებითი განხილვის დროს არაერთი მტკიცებულება გამოიკვეთა, როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასვე მოწმეებმა მისცეს ჩვენება სასამართლო პროცესზე. ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს ქმნის ლაზარე გრიგორიადისის მიმართ”, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
0
0