08/04/2024
09:34
სამართალი
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება - სხდომა 14:30 საათზე დაიწყება.
განაჩენს მოსამართლე, სავარაუდოდ, დღესვე გამოაცხადებს. სასამართლოს ეზოში 14:00 საათიდან ლაზარეს მხარდასაჭერად მისი ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბებიან.
პარალელურად, 14:00 საათზევე, მეორე აქცია გაიმართება თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან. პროტესტის მიზეზი კი "ქართული ოცნების" მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებაა. "ოცნება" ამ კანონს დღეს, 15:00 საათზე, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისის დაკავების დროს, 2023 წლის 29 მარტს, პროკურატურა აცხადებდა, რომ ბრალდებულმა, 7 მარტს, 9 აპრილის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ისროლა. ასევე, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ლაზარემ, 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე შსს-ს კუთვნილ მანქანას ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. სახელმწიფო ბიუჯეტს კი მისი ამ ქმედებით 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალი 30 მარტს წარუდგინეს, მოსამართლემ კი 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა. ლაზარეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ედავებიან.
0
0