08/04/2024
16:01
სამართალი
სასამართლოში სიგარეტის მოწევა სასამართლოს უპატივცემლობაცაა და წესრიგის დარღვევაც, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც სხდომას პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ერთვება.
მოსამართლემ მას განუმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება, ის სხდომაზე იმყოფება და სიგარეტის მოწევა არ შეიძლება.
აღნიშნულს გრიგორიადისმა უპასუხა, რომ "მოწევა რომ არ შეიძლება, ამის ნიშანი იქ არაა".
"სასამართლო სხდომას ონლაინ ესწრებით, სასამართლო პროცესზე სიგარეტის მოწევა რომ არ შეიძლება და უპატივცემლობაა, უნდა იცოდეთ. პირდაპირ გვაბოლებს კამერაში. გაფრთხილებას ვაძლევ და მერე არ იყოს, რა, როგორ", - განაცხადა შარაძემ და ადვოკატებს მოუწოდა, გრიგორიადისისთვის აღნიშნული ფაქტი განემარტათ, ვინაიდან ის ბრალდებულს დარბაზიდან გააძევებდა.
აღნიშნულის შემდეგ, ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ბრალდებულს აუხსნა, რომ სიგარეტი უნდა ჩაექრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გააძევებდნენ და საბოლოო სიტყვით ვერ ისარგებლებდა.
"ჩააქრობთ სიგარეტს, თუ არა",- მიმართა ისევ მოსამართლემ, გრიგორიადისს, რის შემდეგაც, ადვოკატმა ბრალდებულს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
0
0