11/04/2024
13:58
სამართალი
2023 წელს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოკვლევის მიმართულებით კომპანიებს ჯამში 58 419 983 ლარის ჯარიმა დააკისრა, საიდანაც უდიდესი ნაწილი - 52 797 934 ლარი ფარმაცევტულ კომპანიებზე მოდის - ამის შესახებ სააგენტოს 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, გასულ წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, საიდანაც გამორჩეული იყო 3 შეთანხმებული ქმედების თემა - საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე.
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. საკითხი ეხებოდა - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ,კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.
სააგენტომ გამოავლინა იდენტირუ ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს:
23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით;
47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით;
18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით.
ავერსის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას (ჯი პი სი,ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და მერმისის შემთხვევაში 29 ფაქტს.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ:
ავერსი: 14 402 425 ლარი
გეფა: 20 349 336 ლარი
პსპ: 17 094 872 ლარი
მერმისი: 951 301 ლარი
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მოკვლევას 5 კომპანიის - ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი და ეს კა იმპექსის მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, ეს კა იმპექსის მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
საგულისხმოა, რომ კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
bpn.ge
0
0