28/03/2024
12:58
სამართალი
9 თვის განმავლობაში სულ ვფიქრობდი, ლაზარეს, ალბათ, გაამტყუნებენ-მეთქი, რადგანაც პროცესი გააჭიანურეს, მაგრამ ბოლო 4 თვეა ცოტა ეჭვი შემეპარა, რომ იქნებ ნამუსი აქვთ ადამიანებს და შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის, - ამის შესახებ 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
როგორც თამთა კალანდაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მისი შვილი მთავრობის ტყვეა.
„ლაზარე იდგა საქართველოს ღირსების დასაცავად 7-9 მარტს აქციებზე, მაგრამ მან, ალბათ, თავისი განსაკუთრებული ვიზუალის გამო მიიქცია ყურადღება და ამიტომ ამოირჩა. რადგანაც ვიღაც ერთი სჭირდებოდათ, რომელიც უნდა დაესაჯათ, ეს აღმოჩნდა ლაზარე და უკვე ერთი წელია ლაზარე საპყრობილეშია. ვფიქრობ, ის არის ჩვენი მთავრობის პირადი ტყვე. კადრებში ლაზარე არის, მაგრამ პროკურატურა ვერ ამტკიცებს, რომ ლაზარე “მოლოტოვის” ისვრის და მანქანას წვავს”, - განაცხადა თამთა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
0
0