04/04/2024
17:20
სამართალი
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციის თანამშრომლებმა, პროკურორის სახელის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორის სახელის გამოყენებით, დაზარალებულს ყალბი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოსდა შეეძლო, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დროულად, მისთვის მისაღები პირობებით გადაწყვეტა.
„საკითხის მოგვარების სანაცვლოდ კი 4000 აშშ დოლარი მოსთხოვა. თანხის ნაწილი ბრალდებულმა დაზარალებულს პირადად გამოართვა, რა დროსაც გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის სახელით მსგავსი, ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას თქვენს მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რასაც მოჰყვება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0