05/04/2024
15:59
სამართალი
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლებაში, მკვლელობა მოხდა. მოკლულია საშუალო ასაკის ქალი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან.
მეზობლების ცნობით, ასევე, მძიმე მდგომარეობაშია მისი ქმარი. მამაკაცი ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - "ტვ პირველის" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გაამთენიისას სცადეს.
არსებული ინფორმაციით, ქალი თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს.
სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს ეძინათ, სახლში უცნობი პირების შეჭრის შემდეგ კი ხმაურზე გაეღვიძათ და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მოკლეს ცოლი, ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
0
0