01/04/2024
19:11
სამართალი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. მოსამართლე ვეტინგის წინააღმდეგ კონკრეტულ არგუმენტებზე, კვლევებსა და სტატისტიკაზე წერს და ამბობს, რომ არასტაბილური და არაჯანსაღი გარემო სასამართლო სისტემაში საფრთხეს უქმნის მოსამართლის დამოუკიდებლობას.
„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროგრამის სამართლის უზენაესობის 2020 და 2021 წლების ინდექსით (WJP Rule of Law Index) სამართლის პრაქტიკოსების, ექსპერტებისა და აკადემიის წარმომადგენლების გამოკითხვის საფუძველზე, საქართველო რეგიონში ლიდერობს როგორც მთლიანად სასამართლო სისტემაში, ისე კონკრეტულად სისხლის სამართლის სისტემაში კორუფციის არარსებობის მაჩვენებლით, პირველია არამხოლოდ რეგიონში, არამედ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოთა შორის.
კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის (CRRC) მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბიზნესი ნდობას უცხადებს სასამართლო სისტემას. ბიზნეს ორგანიზაციების უმრავლესობას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სასამართლოს მიმართ და დადებითად აფასებს როგორც სასამართლოების მუშაობას, ისე მოსამართლეთა კომპეტენციას და დამოუკიდებლობას.
2021 -2022 წლებში გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების მე-4 ანგარიში, რითაც დადებითად შეფასდა საქართველოს სასამართლო სისტემაში პროგრესი რეკომენდაციათა შესრულების თვალსაზრისით.
„ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ქართული სასამართლო სისტემა ეფექტიანია“ - ხაზგასმითაა აღნიშნული ევროპის საბჭოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების“ წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის ( MONEYVAL) მიერ.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2009 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარმართული საჩივრების რაოდენობა უტოლდებოდა 4049-ს, მაშინ როდესაც 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 185 საჩივრამდე შემცირდა.
2009-12 წლებში გამართლებულ პირთა რაოდენობა 208-ს აღწევდა, მაშინ როდესაც 2020-23 წლებში 2392 პირი გამართლდა.
2009-2012 წლებში ფიზიკურ და იურიდიული პირების სასარგებლოდ დავა გადაწყდა 21% შემთხვევაში, მაშინ როდესაც 2020-23 წლებში - 28%.
ბევრს აღარ გავაგრძელებ... ეს შედეგები იმ რეფორმების და იმ სამასი მოსამართლის დამსახურებაა, რომელიც კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. კვლევები და ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ! ვინც ამ შედეგებში კორუფციას ხედავს დაე დაინახონ! 2008 წლის სასამართლო არ გვჭირდება! არა ვეტინგს!“ - წერს თევზაძე.
0
0