04/04/2024
09:39
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.
„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა.
ბრალდებული კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტსივრცეში რეალიზაციას“, – აცხადებენ შსს-ში.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0