09/04/2024
15:03
სამართალი
„განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
საუბარია ბორდერიზაციის გზით ადამიანის უფლებების უხეშ და მასშტაბურ დარღვევაზე. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მათ შორის დასახელებულია სიცოცხლისა და საკუთრების უფლება.
უფრო კონკრეტულად კი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მეოთხე სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ადმინისტრაციული საზღვრების „ბორდერიზაციას“.
პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (საჩივარი №39611/18) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას: მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 ( არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 §1 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), 1-ლი ოქმის 1 (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მეორე მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).
2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც დაიწყო 2009 წელს და ცნობილია როგორც "ბორდერიზაცია", რომელიც ხალხს უკრძალავს ადმინისტრაციული საზღვრების თავისუფლად გადაკვეთას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.
ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „2008 წლის აგვისტოს, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობას“. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ადამიანები მოკლეს აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში შესვლის ან გასვლის მცდელობისას, ხოლო სხვები დააკავეს, დააპატიმრეს და/ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ადმინისტრაციული საზღვრის „არალეგალურად გადაკვეთისთვის“. ხალხს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი მიწათმოქმედებისთვის იყენებდნენ, ოჯახები ერთმანეთისგან დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ არჩევანი გაეკეთებინათ რუსულ ენაზე სწავლასა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში სასიარულოდ, გრძელი და სახიფათო გზის გავლას შორის.
სასამართლომ დაადგინა, რომ მას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის რეპორტაჟები და საერთაშორისო მასალები, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა დაასკვნას, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო იზოლირებული შემთხვევები, არამედ საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული შემთხვევები იყო, რომელიც საბოლოო ჯამში დარღვევათა ტენდენციას ან სისტემას წარმოადგენს. უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა ნაკლებობა და ყველა ამ პირთა მიმართ ზომების ზოგადი გამოყენება მოწმობს, რომ რუსეთის ხელისუფლება ასეთი პრაქტიკების მიმართ ოფიციალურ შემწყნარებლობას ავლენს.
დეტალებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში 15:00 საათზე მედიისთვის განცხადება გაკეთდება.
0
0