გორის მუნიციპალიტეტის მერმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

0
50

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 9 აპრილის სკვერში დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მემორიალთან სიმბოლურად ტიტები მიიტანეს. მემორიალთან გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა – კურთხევით, მამა გიორგიმ 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„9 აპრილის ტრაგედია, ალბათ ყველაზე მძიმედ გასახსენებელია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მაგრამ ამავე დროს ეს არის სიმბოლო სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის. მადლობა ამ პატარა გოგო – ბიჭებს, ყველას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად, ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. ამ ადამიანების უკვდავსაყოფად, სულ მალე ამ სკვერში დაიწყება მემორიალის მოწყობა. ჩვენი გმირების შესახებ, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ და ეს მემორიალი იქნება მათი სულების უკვდავების კიდევ ერთი სიმბოლო.“ – განაცხადა გორის მერმა.

უახლოეს პერიოდში სკვერში დაიწყება 9 აპრილს დაღუპულთა სახელობის მემორიალის განახლება – მოწყობა, რომელიც საქართველოს დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. პროექტის მიხედვით დაგეგმილია სკვერის კეთილმოეწყობაც.