გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინი – ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

0
43

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5 დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ და სოლიდარობას უცხადებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ განაცხადა, დღევანდელი ტრაგედია რუსეთი ხელისუფლებისა და “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის შედეგია.

“დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ “ქართულ ოცნებას” არასწორი პოლიტიკა და არასწორი მიდგომა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ამ რეგიონები მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით. დღეს რა ტრაგედიაც დატრიალდა, მხოლოდ და მხოლოდ რუსული ხელისუფლებისა და “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის შედეგია, რადგან იმ ე.წ გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია “პისიარ” ტესტის ჩასატარებელი პუნქტი და შესაძლებელი იქნება მოქალაქეების 5 დღიანი კარანტინის გარეშე ენგურის ხიდიდან გადმოსვლა”, – განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

ცნობისთვის, მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან ერთი წყალმა სოფელ შამგონაში გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ოკუპირებული გალიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მდინარე ადიდდა და ოთხივე მათგანი გაიტაცა. ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.