„დაიწყებს თუ არა პუტინი უკრაინაზე შეტევას?“ – რით განსხვავდება ერთმანეთისაგან საქართველო და უკრაინა

0
146

აშშ-ის ანალიტიკურ-კვლევით ცენტრის „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council) ვებ საიტზე 6 აპრილს გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დაიწყებს თუ არა ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე შეტევას?“, რომელშიც განხილულია უკრაინა-რუსეთის ურთიერთობის დღევანდელი მდგომარეობა, დონბასის კრიზისთან დაკავშირებით, როცა ორივე მხარე ჯარების თავმოყრას ახდენს (ავტორი – პიტერ დიქსონი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ამერიკელი და უკრაინელი ექსპერტების – ჯონ ჰერბსტის (ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი), ანდერს ოსლუნდის (ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), უილიამ ტეილორის (აშშ მშვიდობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი), ალენა გეტმანჩუკის (კიევის ანალიტიკური ცენტრის „ახალი ევროპის“ დირექტორი), ბრაიან ბონერის (კიევის გაზეთ „კიევ პოსტ“-ის რედაქტორი) და ტარას კუზიოს (კიევ-მოგილიოვის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი) თვალსაზრისები.

გთავაზობთ ტარას კუზიოს მოსაზრებას, რომელიც საქართველოს შესახებაც საუბრობს:

„რუსეთმა საეჭვოა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა განახორციელოს, რადგანაც ამას გაჭიანურებული ხასიათი ექნება და თანაც დასავლეთთან იზოლაცია მოჰყვება. ვლადიმერ პუტინი უფრო იმ ხაფანგის დაგებას გაიმეორებს, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააბა 2008 წელს. ყველას ახსოვს, რომ იმ დროს სამხრეთ ოსეთის მხრიდან დაწყებულმა პროვოკაციებმა საქართველოს ინტერვენცია გამოიწვია ამ სეპარატისტული რეგიონის წინააღმდეგ. რუსეთმა მიხეილ სააკაშვილი დაამცირა და თავი იმით იმართლა, რომ სამხედრო ოპერაცია ტავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით განახორციელა.

რუსეთს ძალიან სურს უკრაინის პროვოცირება საქართველოს მსგავსად. ისევე როგორც საქართველოში (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) კრემლმა დონბასის მოსახლეობას ასობით ათასი რუსული პასპორტები დაურიგა… გაისმის მოსკოვის იგივე ბრალდებები უკრაინის მიმართ, რაც 2008 წელს თბილისის წინააღმდეგ გაისმოდა.

მაგრამ საქართველო და უკრაინა ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და ეს კრემლის ტაქტიკის ეფექტურობის მიმართ ეჭვებს იწვევს. მიხეილ სააკაშვილის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, რომელიც რუსეთისადმი შედარებით უფრო ლიბერალურად [მეგობრულად] არის განწყობილი. უკრაინაში კი პრორუსი ლიდერი არ არის, რომელიც შესაფერის მომენტს ელოდება [რუსეთით ისარგებლოს] და არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღოს.

უკრაინა ასევე ბევრად დიდი სახელმწიფოა საქართველოსთან შედარებით – როგორც ტერიტორიულად, ასევე მოსახლეობის რაოდენობითაც. შეტევის განსახორციელებლად და საომარი მოქმედებების გასავითარებლად, ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით, კრემლს მოუწევს თავისი არმიის ნახევარი მაინც გამოიყენოს. რუსეთი უკრაინის არმიისაგან მნიშვნბელოვან წინააღმდეგობას შეხვდება. უკრაინა პარტიზანულ ტაქტიკასაც გამოიყენებს. მოსკოვი მეტად ვეღარ უარყოფს იმას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომს არ აწარმოებს და ამით კრემლი ღრმა კონფლიქტში ჩაეფლობა – სადმე შორს კი არა, არამედ თავისი სახლის ზღურბლთან. ადამიანთა დანაკარგები, ფინანსური ხარჯები და საერთაშორისო იზოლაცია რუსეთს კატასტროფამდე მიიყვანს“.

წყარო: https://www.atlanticcouncil.org/blogs/ukrainealert/is-putin-about-to-launch-a-new-offensive-in-ukraine/