რა გავლენა იქონია პანდემიამ ქართული ღვინის ინდუსტრიაზე – კომპანია “ბადაგონის” მფლობელი არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

0
751

პანდემიის პირობებში, მსოფლიო ეკონომიკის ტემპის შენელება, ქართული ღვინის გაყიდვებზეც აისახა.  პირველად ბოლო წლების განმავლობაში ღვინის ექსპორტმა ზრდის ნაცვლად, შემცირების ტენდენცია აჩვენა. რამდენით და რომელ ბაზრებზე შეინიშნება კლება და რას გეგმავს ხელისუფლება სექტორის დასახმარებლად – ამის შესახებ, ღვინის კომპანია  “ბადაგონის”, მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სალაყაიამ “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემია ნეგატიურად აისახა ღვინის ექსპორტზე, მაგრამ ეს არ ყოფილა კატასტროფული მაჩვენებელი, რადგან გარკვეულ ქვეყნებში ღვინის მოხმარებაზე ზრდაც კი შეინიშნებოდა.

“ჩვენს საკუთრებაში არსებობს 400 ჰექტარი ვენახი, რომელიც  ფინალურ ფაზაში შედის და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად აისახა ღვინის ინდუსტრიაზეც, მაგრამ არა ისე კატასტროფულად, რაზეც წარმოდგენილი ციფრებიც მოწმობს. ეს არის დაახლოებით 10 % – იანი კლება. ეს კრიზისი მსოფლიო ბაზარზე ღვინის ინდუსტრიაში განსაკუთრებულია, იმ კუთხით, რომ ნებისმიერი ეკონომიკური კრიზისი, ზოგადად ზრდიდა მძიმე ალკოჰოლის მოხმარებას და არა ღვინის. ღვინის მოხმარება სულ მცირდებოდა ასეთ ვითარებაში. ამ შემთხვევაში, მოხდა პირიქით, გარკვეულ ქვეყნებში ზრდაც კი იყო ღვინის  მოხმარებაზე”,– განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

კომპანიის მფლობელი ასახელებს იმ ქვეყნებს, სადაც ღვინის ექსპორტი დრამატულად შემცირდა. მისი თქმით, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე,  ჩინეთთან ექსპორტი 5 თვე გაჩერებული იყო, თუმცა პირველი შეკვეთები უკვე მიიღო კომპანიამ.

როგორც ბიზნესმენი განმარტავს, რუსეთთან ამ მიმართულებით კლება არ აღინიშნებოდა, მაგრამ დიდი ექსპორტი განხორციელდა პოლონეთისა და გერმანიის მიმართულებით.

“ბადაგონის” მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სერიოზული კლება იყო, თითქმის ნულის ტოლი პირველი ხუთი თვის განმავლობაში. ეს იყო ჩინეთი, სადაც პრაქტიკულად ექსპორტი გაჩერდა. გამომდინარე იმ რეგულაციებიდან, რომელიც თვითონ ჩინეთის რესპუბლიკას ჰქონდა. 2 თვე არანაირი იმპორტირებული პროდუქტი არ შედიოდა. მაგრამ უკვე პირველი შეკვეთები მივიღეთ ჩინეთიდან, რუსეთის შემთხვევაში პრაქტიკულად კლება არ გვქონია. საკმაოდ დიდი ზრდა იყო პოლონეთის მიმართულებით, ასევე ზრდა აღინიშნებოდა გერმანიაში. რაც შეეხება აშშ-ს დღეის მდგომარეობით, ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაერი სტატისტიკით შეერთებულ შტატებში ამ პანდემიის პირობებში მომატებულია ღვინის მოხმარება, მაინც იმპორტიორები შიშობენ. რაღაც გარკვეულ რისკებს ხედავენ ახალი პროდუქტების დამატებაზე. ალბათ, მიზეზი არის ის, რომ ძირითადად გაზრდილია კალიფორნიული ღვინის მოხმარება, თითქმის გასამმაგებული. აქ არის საუბარი გარკვეულ რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია გზასთან და იმ არაპროგნოზირებად სიტუაციასთან, რომელიც ახლა შტატებშია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზარი, ჩვენი გაყიდვების 15 % არის ადგილობრივი ბაზარი, სადაც პანდემიის პირობები აისახა მკვეთრად, ეს სარესტორნო ბიზნესთანაა დაკავშირებული, რადგან ეს სფერო მოიხმარდა ძირითადად და ასევე ტურისტები. ჩვენ მაინც ყველა ღონისძიებას მივმართეთ, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი ღვინო “,- განმარტა სალაყაიამ.

კომპანია “ბადაგონის” მფლობელი, სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზე საუბრობს, რომელმაც ღვინის რეალიზაციის ვარდნის კომპენსირება მოახდინა. ასევე, მისი თქმით, წელს გაზრდილ მოსავალს ელოდებიან ღვინის კომპანიები და ამ შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, რათა ყურძენი არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პირობებში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, სწორედ იმ 10 % -იანი  რეალიზაციის ვარდნის კომპენსირება მოხდა იმ ღონისძიებებით, რომელიც სახელმწიფომ გაატარა. საშემოსავლო ქონების გადასახადის გადავადებით და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლოიალური დამოკიდებულება ბანკების მხრიდან. ფაქტიურად, ამან შეგვივსო ის კლება. რაც შეეხება მომდევნო თვეებს, არ იქნება მარტივი რთველი საკმაოდ დიდ მოსავალს ველით ამ წელს, რადგან ზუსტად 2015-2016 წელს მოხდა ფართობების დამატება. ზოგადად, ამ წლებში ქვეყანაში იყო ეს ტენდენცია და მთლიანად ქვეყანაში იქნება წელს ჭარბი მოსავალი, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება გარკვეული სუბსიდირება, რომ ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი. ამ სირთულეების მიუხედავად, არ ვაპირებთ არც ერთი კილოგრამით ნაკლები ყურძნის შესყიდვას, ვიდრე წინა წლებში “, – განაცხადა ბიზნესმენმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here