რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში 23 მაისიდან – პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის განმარტება

0
41

დღეს, როდესაც ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ისევ გრძელდება, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე, – ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისის 00:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია გარკვეული რეგულაციების შენარჩუნება. პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება ყველა შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე.

კერძოდ, 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფლები მუშევანი და გეტა, სადაც მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება ​თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. უქმდება 3-კაციანი შეზღუდვა ავტომობილებზე და ის იმოქმედებს მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია, ატაროს პირბადე. უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად იხსნება შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, კონკრეტულად, საუბარია იმ პროდუქციაზეა, რომელიც აუცილებელია კორონავირუსთან ბრძოლისთვის.

მისივე თქმით, 23 მაისიდან კვლავ იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • რესტორანსა, ბარსა თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება;
  • სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა;
  • ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინ-ვაჭრობისა;
  • ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ;
  • სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება;
  • აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა – ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც საქმიანობას აგრძელებს, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო სურსათის წარმოებისას სავალდებულოა – სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

„შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე. ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით, იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, და გადაწყვეტილებებს მიიღებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მის ქვეშ არსებული ოპერაციული შტაბები და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144“, – აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა, შესაძლებელი გახადა, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ვინც მიიღებს ტურისტებს. ამ მიზნებისათვის, 15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმისათვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან, საქართველო მზად იქნება, მიიღოს საერთაშორისიო ტურისტებიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით.

„მაშინ, როდესაც უქმდება სამართლებრივი შეზღუდვები და იხსნება შეზღუდვების ფართო სპექტრი, ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავიცვათ არსებული რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განვითარების მაღალი დონე და რაც შეიძლება სწრაფად სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს.

საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი 723 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here