გორის მუნიციპალიტეტში 11 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

0
74

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი გორის მუნიციპალიტეტში 11 სოფელს მიენიჭა.

აღნიშნული სიახლე გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ამირან ქრისტესიაშვილმა დღეს სოფელ ქერეს მოსახლეობას გააცნეს და ის სოციალური და საგადასახადო შეღავათებიც განუმარტეს, რითაც   აღნიშნული სოფლების მოსახლეობას სტატუსიდან გამომდინარე შეუძლიათ სარგებლობა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შედეგად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქერესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის კიდევ  10 სოფელს – ბერშუეთს, ახალუბანს, მეჯვრისხევს, ქერეს, ხურვალეთს, ჯარიაშენს, აძვს, ფლავს, ფლავისმანს, ქვემო ხვითსა და ქვეშს მიენიჭა. კანონით დაწესებული სოციალური და სახელფასო დანამატები, ასევე, საგადასახადო შეღავათები   ხელს შეუწყობს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების  გააუმჯობესებას და დაწყებული მიგრაციის შეჩერებას.

შეხვედრის შემდეგ გორის მერმა  სოფელ ქერეში დაათვალიერა უკვე შესრულებული და მიმდინარე პროექტებიც, რომელთა განხორციელებამ სოფელში გზის, წყლისა და გარეგანათების ათწლეულობით დაგროვილი პრობლემები გადაჭრა.

უკვე დასრულებულია გარეგანათებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი. დასრულდა სოფლის შიდა გზების მოასფალტება 1 კილომეტრის სიგრძეზე. ამჯამად მიმდინარეობს სანიღვრე სისტემების მოწყობა.

უახლოეს მომავალში კი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილია სოფელ ქერეს ახალი სკოლის მშენებლობა. შენობისთვის საჭირო ფართი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოყო. დღემდე ქერეში მცხოვრები  60 მოსწავლე მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობდა. ქერეს სკოლის  ძველი შენობა ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე გასული სასწავლო წლის დასაწყისში დაიკეტა.

ქერეს მოსახლეობისთვის გზა, სანიაღვრე სისტემა,  გარეგანათება, სასმელი წყალი – ეს ის უმნიშვნელოვანესი პროექტებია, რასაც დაგპირდით და ახლა ამ შესრულებული დანაპირებით წარვსდექი თქვენს წინაშე. დადებითად გადაწყდა ქერეს სკოლის საკითხიც – მუნიციპალიტეტის მერიამ  უკვე გამოვყავით ტერიტორია, სადაც ახალი სკოლა აშენდება.  ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ მუშაობას მომავალში კიდევ გავაგრძელებთ“, – განუცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სოფელ ქერეს მოსახლეობას.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შედეგად, დამატებით, 19 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება. აღნიშნული 19 დასახლებიდან 11 სოფელი – ბერშუეთი, ახალუბანი, მეჯვრისხევი, ქერე, ხურვალეთი, ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ფლავისმანი, ქვემო ხვითი და ქვეში გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, 8 სოფელი კი დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის – ბაქაქურები, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ილტოზა, პეტრიანი, ქედელობა, ქვემო კოდისწყარო, ქვემო შუახევი. სტატუსის მინიჭებით, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლები სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო შეღავათები უმნიშვნელოვანესია ოკუპირებული ტერიტორიების პერიმეტრის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს მთავრობის ამ ინიციატივას”, – აღნიშნა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში გიგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ,“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here