პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებას მსოფლიოში აქებენ – ეს შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების განწყობაზეც აისახოს – რას წერს უცხოური მედია საქართველოზე

0
31

ბელგიის გამოცემა „ევროაქტივ”-მა («EurActiv») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ბრძოლა CoVid-19-თან და ბორდერიზაცია – საქართველო საუკეთესო მაგალითია“ (ავტორი – ვლად მაქსიმოვი), რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო ვირუსის ეპიდემიას ებრძვის, სეპარატისტული რეგიონები კი საზღვრების გადმოწევას აგრძელებენ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„იმ დროს, როცა პრორუსი სეპარატისტები რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში პანდემიას თავის სასიკეთოდ იყენებენ და უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებაც ცდილობენ, ამ რეგიონების მოსახლეობას იმედი აქვს, რომ საქართველო კორონავირუს „CoVid-19“-თან ბრძოლაში წარმატებას მიაღწევს.

უძველესი და მდიდარი კულტურის მქონე საქართველო წარსულში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, თუმცა, ახლა ის ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ „არალეგალური ბორდერიზაციის“ გაგრძელების კიდევ ერთი მაგალითი ამ დღეებში საერთაშორისო საზოგადოებამ სოფელ ტახტისძირთან იხილა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მყისიერი რეაგირება მოჰყვა – მათ ეს ნაბიჯი მკაცრად დაგმეს.

მომხდარ ფაქტს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა,  ხოლო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ასე გამოეხმაურა: „რუსეთი CoVid-19-ის პანდემიას საფარად იყენებს, რათა საქართველოში „ბორდერიზაცია“ გააგრძელოს“.

როგორც „ევროაქტივთან“ ინტერვიუში, ევროპის სამეზობლოში კონფლიქტების დარეგულირებაზე მომუშავე ორგანიზაცია „ლინკს ევროპის“ დირექტორი, დენის სამუტი ამბობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები თბილისიდან მიღებულ ინფორმაციას ყურადღებით ადევნებენ თვალს.  „ასე რომ, საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის ქმედებები პანდემიის დროს, მოუგვარებელი კონფლიქტების კონტექსტშიც მნიშვნელოვანია“,- აცხადებს დენის სამუტი.

პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებას მსოფლიოში აქებენ. ამიტომ ეს შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების განწყობაზეც აისახოს.

კონფლიქტების გრძელვადიანი მოგვარება დამოკიდებულია იმაზე, როდის იგრძნობენ აფხაზები და ოსები, რომ ქართველებთან ერთად, ერთ სახელმწიფოში, კომფორტულად ცხოვრება შეუძლიათ. ამ პანდემიის შედეგად, შესაძლოა, ეს შესაძლებლობა  რეალური გახდეს. ამისთვის ქართველების ძალისხმევაც აუცილებელია.

გასულ თვეს საქართველოს შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები  საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად მზადაა.

კორონავირუსით ინფიცირებულ, ერთ აფხაზ ქალს სამედიცინო დახმარება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუწიეს. სამხრეთ ოსეთმა კი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ გამოუვლენიათ, საქართველოსთან სრულად ჩაკეტა საზღვრები.

„გასაოცარია, რომ გლობალური პანდემიის დროსაც კი, რუსეთი და სამხრეთ ოსეთში მის მიერ მართული რეჟიმი აგრძელებს იმგვარ აქტიურობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს“,- აცხადებს დენის სამუტი. მისივე თქმით, თუ საქართველოს მთავრობა  ეპიდემიასთან სამაგალითოდ ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს, „ეს საქართველოს იმიჯს რეგიონში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები დანარჩენ საქართველოში მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

სიმონ კილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here