კორონავირუსთან ბრძოლა ყოფილ საბჭოთა კავშირში – სასწაულმოქმედი ბალახი და მკურნალობა საუნაში

0
31

“თურქმენეთში ვირუსის მოკვდინებას სასწაულმოქმედი ბალახის მეშვეობით აპირებენ, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კი თანამემამულეებს ტრაქტორზე მუშაობასა და საუნაში სიარულს ურჩევს”, – წერს გერმანული გამოცემა Die Tageszeitung-ი.

“ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც გარკვეული სახის ნიჭი და უნარი გააჩნია პანდემიის პირობებში “ოქროს ხანა” დაუდგა, რამდენადაც თავის გამოჩენის მშვენიერი შესაძლებლობა მიეცათ… ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს თურქმენეთის ავტორიტარული პრეზიდენტი ,გურბანგული ბერდიმუჰამედოვი. ჯერ კიდევ მისი წინამორბედი, საფარმურად ნიაზოვი საკუთარი პიროვნების კულტს მშვენივრად უხამებდა იზოლაციურ დიდოსტატობას. შესაბამისად, გამორჩეულობა-განყენებულობის და სახელმწიფოებრივი კრძალვის პარანოიდული ნიმუშები სრულებით არაა უცხო არც ბერდიმუჰამედოვისა და არც მისი ქვეშევრდომებისთვის,“ – აღნიშნავს ჟურნალისტი ბარბარა ერტელი.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, რომელთა გადამოწმებაც ცხადია სრულიად წარმოუდგენელია, თურქმენეთში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა.

“როგორც ჩანს, არც ბატონი ბერდიმუჰამედოვია მთლად დარწმუნებული სტატისტიკის საიმედოობაში, რამდენადაც ქვეყნის დედაქალაქ აშხაბადის საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებთან მოწყობილია მრავალრიცხვოვანი საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომლებიც შენობებში მხოლოდ დედაქალაქის მცხოვრებლებს უშვებენ”, – ნათქვამია სტატიაში.

სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ადრე კბილის ექიმად მუშაობდა, თანამემამულეებისთვის ყოველი შემთხვევისთვის რამდენიმე ბრძნული რჩევა აქვს მომზადებული.

“მთავრობის სხდომაზე, ბერდიმუჰამედოვმა, ხელისუფლების წარმომადგენლებს, უხილავი ვირუსის გასანადგურებლად, ადგილობრივი ბალახის, გარმალას დაწვა ურჩია. ვინ ვინ და ბერდიმუჰამედოვი ხომ ადგილობრივი ფლორის აღიარებული მცოდნეა! სწორედ მის კალამს და შემოქმედებით გენიას ეკუთვნის ეკუთვნის ნაშრომი თურქმენეთის მცენა- რეული საფარის შესახებ.” როგორც რადიო “თავისუფლების” თურქმენეთის ბიურო იუწყება, სახელმწიფო მოხელეებმა დეზინფექციის მიზნით უკვე დაიწყეს სასწაულმოქმედი ბალახის დაწვა სახელმწიფო დაწესებულებებში, სკოლებსა და სასაფლაოებზე”, – იუწყება გამოცემა.

კორონავირუსთან ბრძოლის სოლიდურ მეთოდებს ფლობს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც.

“კოლმეურნეობის ეს ყოფილი თავმჯდომარე უბრალო ადამიანია, მაგრამ ნამდვილი პრაგმატიკოსი გახლავთ”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

“ჩვენ გავუმკლავდით სხვა ვირუსებს, მოვერევით ამ კორონავირუსსაც”, – განაცხადა ლუკაშენკომ სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას. მისი თქმით, ბელორუსებს ახლა თავდაუზოგავი შრომა მართებთ, განსაკუთრებით კი სოფლებში.

“იქ ადამიანები მინდვრებში შრომობენ, ტრაქტორები გუგუნებენ და ვირუსზე არავინ საუბრობს. ტრაქტორი ყველა სახის სნეულებას შველის. მინდორი საუკეთესო სამკურნალო ადგილია, ის ყველას კურნავს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

„ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მან თავის მინისტრებს საუნაში სიარული და ცოტაოდენი ოფლის მოდენა ურჩია. მისი თქმით 60 გრადუს ტემპერატურაზე კორონავირუსი კვდება”, – იუწყება გამოცემა.

 

მოამზადა ზურაბ ქელეხსაშვილმა

წყარო: Die Tageszeitung

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here