ტოჩინოშინი ტრავმის გამო კიუშიუ ბაშოს გამოეთიშა

0
224

ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს, ნეკნის ტრავმის გამო, ნაადრევად გამოეთიშა. ამის შესახებ გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაცია დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

ლევან გორგაძემ ტრავმა ტაკარაფუჯისთან გუშინდელ შეხვედრაში ილეთის შესრულების დროს მიიღო. ქართველი სუმოისტი ნოემბრის სუპერტურნირზე ოძეკობის დასაბრუნებლად იბრძოდა, თუმცა ახლა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

შეჯიბრის ნაადრევად დასრულების გამო, ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებასაც დაკარგავს და იანვრის ბაშოზე რიგითი მაეგაშირას რანგში გამოვა. ტრავმის მკურნალობის შემდეგ პირველი სუპერტურნირი, სადაც გორგაძე გამოვა, 2020 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრამდე გაიმართება.