Facebook-მა 5,4 მილიარდი ყალბი გვერდი წაშალა

0
194

Facebook-მა მიმდინარე წელს 5,4 მილიარდი ყალბი ანგარიში დახურა, თუმცა მილიონობით მსგავსი ანგარიში ისევ რჩება ქსელში. ამის შესახებ Facebook-მა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შედარებისთვის მათ 2018 წელს 3.3 მილიარდი ყალბი ანგარიში დახურეს. სოციალური ქსელის განცხადებით, მათი ყოველთვიური მომხმარებლების თითქმის 5% ყალბ ანგარიშებს მოიცავს.

როგორც CNN-ი წერს, Facebook-ის ეს განცხადება იმის მაგალითია, თუ რამხელა პრობლემა არსებობს ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ აშშ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

22 ოქტომბერს Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი აშშ-ის მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობენ.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა, რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს. ამ საქმეში ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი, პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი ფიგურირებენ.