სეს-მა საზოგადოებრივი კვების 45 ობიექტში დარღვევები გამოავლინა

0
272

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს კაფე-ბარებისა და რესტორნების, აგრეთვე სკოლების, საბავშვო ბაღების, ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებს.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება განახორციელეს. სააგენტოს ცნობით, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

მათ შორის განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა და დარღვევები გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა სააგენტოს მიერ გაურკვევლი წარმომავლობის ხორცის და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ, სურსათი დაილუქა და მის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ.