დღეს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა გაიმართება

0
225

პარლამენტი საარჩევნო წესში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრის. კენჭისყრა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა გადადება მოითხოვა. მას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.

„ქართული ოცნების“ წევრები განმარტავენ, რომ კენჭისყრის დღეისთვის გადადების მიზეზი გახდა რისკი, რომელიც საარჩევნო ცვლილებების დამტკიცებას დაემუქრა.

კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხი ამჯერადაც პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლაა. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, მათთვის გასაგებია მოწინააღმდეგეთა არგუმენტების ნაწილი, თუმცა იმედოვნებენ, რომ გუნდი პოზიციების შეჯერებას შეძლებს.

უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, რომ შერეული საარჩევნო სისტემა შეინარჩუნოს და რიგ ოლქებში კანდიდატები არ წამოაყენოს.

13 ნოემბერს პლენარულ სხდომამდე მმართველი პარტიის ოფისში სხდომა გაიმართა, სადაც უმრავლესობის წევრებმა, დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა, რომლებიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნეს.

ოპოზიციის აზრით, თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა, აქციები გარდაუვალია.12 ნოემბერს პარლამენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარებაზე, ოპოზიციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, თუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.