ეკლესია განსაკუთრებით ჩემს დროს გაძლიერდა – მიხეილ სააკაშვილი

0
198

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფსევდოლიბერალები ეკლესიაზე უარყოფითის თქმით პირდაპირ რუსეთის გავლენის აგენტებს აძლიერებენ.

სააკაშვილმა ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

„ფსევდოლიბერალები მხოლოდ აძლიერებენ პირდაპირ რუსეთის, გავლენის აგენტებს, იმით, რომ ლაპარაკობენ: „უფ, რა გოიმობაა, ნახე, ეკლესიაზე ლაპარაკი, რწმენაზე ლაპარაკი, ეს ხო პოპულიზმია“. უკაცრავად, მე მწამს ის, რაც მწამს, მე მჯერა ის, რაც მჯერა“, – განაცხადა მან და აქვე აღნიშნა, რომ საკუთარ ხალხზე ქილიკი არ შეიძლება.

„როგორ შეიძლება ქილიკი იმაზე, რაც სინამდვილეში ჩვენი ფასეულობაა. ჩვენი ევროპულობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ჩვენი ქრისტიანობა. რატომ ვერ ამბობს ჩვენზე უარს ევროპა, იმიტომ, რომ ქრისტიანები ვართ, ხუთჯვრიანი დროშა გვაქვს. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი დროშა, არავის არ დასიზმრებია მანამდე“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, მან რწმენის განმტკიცებისა და ქართული ტრადიციული ფასეულობების გასაძლიერებლად ბევრი რამ გააკეთა.

“ჩემთვის ემოციურად მძიმე საკითხია, ვერ იქნები მხოლოდ გარეშე დამკვირვებელი, მე ვარ ამ ეკლესიის შვილი, მე ვარ ადამიანი, ვინც ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, ბევრი რაღაცა გავაკეთეთ იმისთვის, რომ რწმენა განმტკიცებულიყო, იმისთვის, რომ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები გაძლიერებულიყო ”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს“.

„საქართველის აქვს ძალიან ღრმა ტრადიციები, საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ, იმიტომ, რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად, ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის განმტკიცება, არა მხოლოდ ბოდიშს არ მოვიხდი ამაზე, არამედ, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევად, როგორც სხვა ადამიანების, ვინც ამას ხელს უწყობდა, და მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის დადებითი პროცესი. თუ ვიღაცას უნდა ამის ბოროტად გამოყენება, თუ ვიღაცამ ვიღაცის ინტერესებში იმოქმედა, ესეც მოჰყვება, ყველა დადებით პროცესს რაღაც ჭუჭყი მოჰყვება, მაგრამ ახლა ასეთი ხელაღებით შეტევა ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუტზე, ამის გავრცობა ზოგადად რწმენაზე, ზოგადად მორწმუნე ადამიანების გაქილიკება და აბუჩად აგდება, ეს არის სრულიად მიუღებელი, რადგან ეს არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ეკლესიის თემა, ეროვნულობის თემა, რწმენის თემა, პრორუსულ ჯგუფებს, არაფერ შუაში არ არის რუსეთი და ჩვენი ეკლესია ”, – განმარტა ექსპრეზიდენტმა.