საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა მელიას სარჩელის განხილვა იწყება

0
181

საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით, მოსარჩელე ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის თანახმად, იგი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენაში.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უშვებს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის არსებობისას. მოსარჩელის პოზიცით, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ; ამის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე და დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნა.

ამასთან ერთად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით დაუსაბუთებლად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და დაერღვა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 12 დეკემბერს დაუჭირა.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ჯარიმა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა განუსაზღვრა.

სასამართლომ ნიკა მელია 332-ე მუხლით (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნო და 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამასთან ერთად, მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.