თავი დაანებეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ტივტივს – ირმა ინაშვილი უმრავლესობას

0
223

თავი დაანებეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ტივტივს, – ასე მიმართა ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

ინაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს, მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ცვლილება, ამას უკავშირდება ქვეყნაში დემოკრატიული პროცესების განმტკიცება.

„ამას უკავშირდება ჩვენი რწმენა, ჩვენი მოლოდინი რა ტიპის სახელმწიფოში ვიცხოვრებთ მომავალში და ამ ფონზე ირაკლი კობახიძის გამოსვლა არის ერთობ ამოვარდნილი საერთო კონტექსტიდან. ის თან პროპორციული სისტემის არსზე საუბრობს და თან საუბრობს იმაზე, რომ კოალიციას არავისთან შექმნის, რომ არავინ არ სჭირდება, პოლიტიკურ სპექტრს ახარისხებს, თქვენ არ გაქვთ არც მორალური უპირატესობა ჩვენთან მიმართებით, არც არანაირი პოლიტიკური წონა, რომ თავს უფლება მისცეთ, დაახარისხოთ პოლიტიკური სპექტრი პროდასავლურებად, პრორუსულ პოლიტიკურ ძალებად და გაგვემიჯნოთ ან არ გაგვემიჯნოთ. მე გივლებთ წითელ ხაზს – კიდევ ერთხელ გეუბნებით და თქვენთან არავითარ კოალიციურ თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი არ არის, მაგრამ აქედანვე გეუბნებით, პოლიტიკური პარტიები სანატრელი გაგიხდებათ. ასეთ ვითარებაში აღმოჩნდებით 2020 წელს და თუ თქვენ საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ 60 პროცენტი გაქვთ და თურმე, არავინ გჭირდებათ, ეს ცვლილებები მაშინ რაღაში გჭირდებათ. რისი 60 პროცენტი, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, ცოტა მიწაზე დაეშვით, ბატონო ირაკლი და თქვენი პროგნოზები რომ არ მართლდება, უკვე რამდენჯერმე ვნახეთ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, თავი დაანებეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ტივტივს და პოლიტიკური სპექტრის დახარისხებას პრორუსები და პროამერიკებელი, თქვენგან რამდენი კაცი დადის რუსეთში და ვინ ვის ელაპარაკება, მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ, შესვენების დროს. ჩვენ ამერიკაშიც, რუსეთშიც და ევროპაშიც საჯარო შეხვედრებს ვმართავთ, თქვენგან განსხვავებით“, – მიმართა კოლეგებს ირმა ინაშვილმა.