უადგილოა კამათი, რომელი საარჩევნო სისტემაა ქვეყნისთვის მისაღები, რადგან პროპორციულზე გადასვლა კონსტიტუციაში უკვე წერია – თამარ ჩუგოშვილი

0
207

კამათი, თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, სრულიად უადგილოა, რადგან ამაზე უკვე ვიკამათეთ წლების განმავლობაში და გადავწყვიტეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც წერია კონსტიტუციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ჩუგოშვილის განმარტებით, დღეს მისაღებია გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის შევა აღნიშნული საარჩევნო სისტემა ძალაში – 2020 წლის, თუ 2024 წლის არჩევნებისთვის.

„ის კენჭისყრა, რომელიც ჩვენ წინ გველის, ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიგვიღია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რადგან ამ გადაწყვეტილებას გავლენა ექნება უახლოეს პერიოდში, დღეიდან, ხვალიდან და მომავალი წლების განამვლობაში ქვეყანაში განვითარებულ პოლიიტიკურ პროცესებზე. ახლა კამათი იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, მისაღები და ასე შემდეგ, არის სრულიად უადგილო, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე არ ვკამათობთ, ჩვენ ამაზე ვიკამათეთ უკვე წლების განმავლობაში და გადავწყვიტეთ, და გადაწყვიტა ამ უმრავლესობამ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უკვე წერია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ დღეს სხვა რამეზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება ეხება არა იმას, რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, არამედ იმას, თუ როდის შედის სისტემა ძალაში, შედის 2020 წლის არჩევნებისთივს, თუ 2024 წლის არჩევნებისთვის. ეს სისტემა ძალაში რომ უნდა შევიდეს 2020 წლის არჩევნებისთვის, ეს პირობა ჩვენ საზოგადოებას მივეცით, მისცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ და აღნიშნული მოლოდინი საზოგადოების მხრიდან არსებობს. ეს ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით, ამიტომ ახლა საუბარი და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ასე ვთქვათ,  ამ ძალიან მნიშვნელოვანი პირობის, მიმაჩნია სრულიად არასწორად, უფრო სწორად, პირიქით, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ უმნიშვნელოვანეს დაპირებას, რომელიც ჩვენ ჩვენს საზოგადოებას ამ ზაფხულს მივეცით, ეს პარლამენტი დღეს, ხვალ, არ ვიცი, როცა იქნება კენჭისყრა, აუცილებლად შეასრულებს. ეს იქნება სწორი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის დაპირება და დაპირებას შესრულება სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სწორი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ჯანსაღად განვითარებისთვის“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა და აქვე დასძინა, რომ დარწმუნებულია, პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ სწორ და კარგ კანონპროექტს მიიღებს.

„ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალიან კონკურენტულ გარემოში, სამართლიან საარჩევნო შეჯიბრში მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ უნდა, გადანაწილდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და ძალაუფლება ქვეყანაში. ეს უნდა დაიწყოს ახლავე, არა 2024 და 2028 წლიდან, არამედ ახლავე, რადგან მთელმა რიგმა პროცესებმა განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება და ეს გადწყვეტილება იყო სწორი. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ სწორ და კარგ კანონპროექტს მივიღებთ, მხარს დავუჭერთ და ამისთვის წინასწარ მინდა, კოლეგებს მადლობა გადავუხადო“ ,-  განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, ახლა კი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. მაჟორიტარები პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო.

მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გუშინ პარლამენტში  კენჭისყრაზე ჩავარდა.