კორონავირუსის დაიჯესტი – ჩინეთი და დანარჩენი მსოფლიო ახალი ვირუსის წინააღმდეგ

0
342

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2020 წელს 9 იანვარის გამოქვეყნდა განცხადება ჩინეთში პნევმონიის შემთხვევებთან დაკავშირებით.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხუბეის პროვინციის (58 მილიონი მოსახლეობით) დედაქალაქ უხანში (19 მილიონი მოსახლეობით)  დაფიქსირებულ უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის შემთხვევათა კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ ეპიდაფეთქების გამომწვევი გახდა ახალი კორონავირუსი, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა პნევმონიით დაავადებულ პაციენტში.

ვირუსი სწრაფად გავრცელდა ჩინეთის სხვა პროვინციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჰონგ-კონგში, ტაილანდში, იაპონიაში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, აშშ-ში და სხვა.

2020 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 636-ს მიაღწია. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ჩინეთში ვირუსის 31 161 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

როგორც ქალაქ უხანის ოფიციალური არხი იუწყება, კორონოვირუსის „დედაქალაქში“ შემოიღეს სხეულის ტემპერატურის საყოველთაო მონიტორინგი, რომელსაც მოსახლეობა საკუთარი ძალებით ახორციელებს: თითოეული ადამიანი ყოველდღიურად იმოწმებს სხეულის ტემპერატურას და მონაცემებს ტელეფონის და WeChat-ის მეშვეობით სპეციალურ ნომერზე აგზავნიან. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურის მატება დაფიქსირდა, ავადმყოფს სპეციალური სამედიცინო პერსონალი ამოწმებს. მაღალი ტემპერატურას თუ თან ერთვის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ეს პერსონალი ინფორმაციას აწვდის ჯანდაცვის ცენტრს სკრინინგისა და შემდგომი დიაგნოსტიკისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები თავს აარიდებენ ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ კანონის ფარგლებში გამოიყენონ იძულებითი ზომები.

ციმბირში, ქალაქ ტიუმენის ცენტრში მშენებარე ობიექტზე, სადაც უხანიდან კარანტინში გადმოიყვანეს რუსეთის მოქალაქეები, გამოჩნდა ჩინურენოვანი ბანერი წარწერით – „ გისურვებთ ჯანმრთელობას “.  ეს მოწოდება ჩინურ ენაზეცაა თარგმნილი.

„ტიუმენი-ჩვენი ქალაქია, კარანტინში მყოფ ადამიანებს გისურვებთ გამოჯანმრთელებას და ყველა სირთულესთან გამკლავებას“.

მენაშენეები აღნიშნავენ, რომ მოწოდება მიმართულია ჩინეთის მოქალაქეების მიმართაც, რომლებიც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

ბრაზილიის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ჩინეთიდან ამ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავით მოახდენს. ბრაზილიის სამხეწდრო-საჰაერო ძალებმა უკვე დაიწყო ოპერაცია ქვეყნის მოქალაქეთა ჩინეთის ტერიტორიიდან გასაყვანად.  ბრაზილიელების გარდა, ამ თვითმფრინავებით ჩინეთის დატოვებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც შეძლებენ.  ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით, მათ უკვე მიიღეს თხოვნა პოლონეთის ხელისუფლებისგან ჩინეთიდან მათი მოქალაქეების გამოყვანის თაობაზე.

აღნიშნული თვითმფრინავების ბორტზე იმორიგევებენ ექიმები,რომლებიც მგზავრების მდგომარეობას დააკვირდებიან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ევაკუირებული პირები 18-დღიან კარანტინს გაივლიან.

ზოგიერთი ქვეყანა, ვირუსთან „საბრძოლველად“ საკმაოდ უხერხულ მეთოდებსაც იყენებს, მაგალითად, ყაზანის ჰოსტელში ჩინელებს შესვლა აუკრძალეს. ერთ-ერთი ყაზანური ჰოსტელის შესასვლელში გამოფინეს წარწერა ჩინურ ენაზე, რომელიც იუწყება, რომ ამ ქალაქში სტუმრად მყოფ ჩინელ მოქალაქეებს ვერ მიიღებენ, რადგან არ სურთ ჰოსტელის სხვა სტუმრები საფრთხეში აღმოჩნდნენ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი უფრო შორს წავიდნენ და აშკარად რასისტული შინაარსის პლაკატი გამოფინეს, რომელიც იუწყება, რომ „ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ფაშისტებისთვის შესვლა აკრძალულია“. როგორც ჩანს მათ დაავიწყდათ ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტში უამრავი ჩინელი სტუდენტი სწავლობს, რომლებიც ამ ფაქტით აღშფოთებულები დარჩნენ.

ჩინელები აღშფოთებულები არიან რუსულ-ჩინური მეგობრობისთვის შეუფერებელი საქციელით და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტითაც კი იმუქრებიან.

 

დაიჯესტი მომზადდა „ჩინური საფრთხის“ მასალების მიხედვით