დიმიტრი ხუნდაძე – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ხიფათის შემცველია

0
250

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

მთავარი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელებენ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებია.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ შეეცდება, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გუნდი დაარწმუნოს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ხიფათის შემცველია.

„ამ სისტემას ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი, ორჯერ კომპრომისი გავწიე იმის გამო, რომ ეს კომპრომისი იყო პირობადადებული. როცა არც ერთი და არც მეორე პირობა არ შესრულდა, ეს არ არის პირადი მოთხოვნები, ეს არის ქვეყნის სტაბილურობის, ხალხთან პარლამენტის კომუნიკაციის არ შეწყვეტის მოთხოვნა და რაც მთავარია, ქვეყანას ჰყავდეს სტაბილური, ძლიერი და არა რყევადი, სუსტი ხელისუფლება. მინდა, საკუთარი გუნდი დავარწმუნო და ვაჩვენო ის საფრთხეები, რაზეც ვსაუბრობთ და რაც მთავარია, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ ეს გადაწყვეტილება არის ხიფათის შემცველი და ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს სტაბილური და არა რყევადი“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.